საერთაშორისო ორგანიზაცია „ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი” CPJ 19 ნოემბრის დილით საპროტესტო აქციის გაშუქების დროს პოლიციის მხრიდან ჟურნალისტებზე ძალადობას ეხმაურება.
ორგანიზაციის ევროპისა და ცენტრალური აზიის პროგრამის კოორდინატორი, გულნოზა საიი აცხადებს, რომ პოლიციელთა მხრიდან ოპერატორ სერგი ბარამიძის დაკავება და ჟურნალისტებისთვის საპროტესტო აქციის გაშუქების დროს ძალადობრივად ხელის შეშლა მიუღებელია და საფრთხეს უქმნის საქართველოს მოქალაქეების წვდომას მნიშვნელოვან საზოგადო ინფორმაციაზე.
„საქართველოს ხელისუფლებამ სწრაფად უნდა გამოიძიოს ყველა ინსტანციის პოლიციელის მხრიდან მედიის წარმომადგენლებზე ძალადობა და უზრუნველყოს, რომ დამნაშავეები პასუხს აგებენ“. – განაცხადა მან.
„ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი” აღნიშნავს 19 ნოემბრის პროტესტის გაშუქების დროს დაზარალებული ჟურნალისტების შემთხვევებს:
5-მა ან 6-მა პოლიციელმა კრიტიკული ტელევიზია „მთავარი არხის” ოპერატორი, სერგი ბარამიძე აიტაცა მაშინ, როცა გადაიღო, როგორ მიათრევდნენ პოლიციელები მომიტინგეებს. პოლიციელებმა ბარამიძე დაიჭირეს, კისერში მოუჭირეს და მოკლე დროით პოლიციის განყოფილებაშიც გადაიყვანეს.
„მთავარი არხის” დირექტორი, თამთა მურადაშვილი CPJ-ს ეუბნება, რომ ჟურნალისტი პოლიციის განყოფილებდან გაათავისუფლეს ხელწერილის საფუძველზე, რომლის თანახმადაც, დაბარების შემთხვევაში, გამოკითხვაზე უნდა გამოცხადდეს. მურადაშვილისვე თქმით, უცნობია, წარუდგენენ თუ არა მას ბრალს. სერგი ბარამიძეს აქვს დაზიანებები თვალსა და ტუჩზე.
გარდა ამისა, „ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი” აღნიშნავს, რომ სამმა პოლიციელმა რამდენჯერმე ჰკრა ხელი „პუბლიკის” რეპორტიორ მინდია გაბაძეს მაშინ, როცა ის პოლიციის მხრიდან აქციის დაშლას იღებდა. როგორც გაბაძემ CPJ-ს უთხრა, მან პოლიციას განუმარტა, რომ ჟურნალისტია, ხოლო პოლიციელების მხრიდან ხელისკვრა ძალადობრივი იყო და მას ტკივილი მიაყენა.
პოლიციებმა მცირე დროით ტელეფონი ჩამოართვეს რეგიონული მედია OC Media-ს მთავარ რედაქტორ მარიამ ნიკურაძეს, რამაც მას ხელი შეუშალა მუშაობაში.
პოლიციელებმა ხელი ჰკრეს Netgazeti-ს რეპორტიორ გივი ავალიანს და ხელი შეუშალეს პოლიციის გადაღებაში.
CPJ აღნიშნავს, რომ საქართველოს სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, სამთავრობო ორგანომ, რომელიც პასუხისმგებელია ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გამოძიებაზე, დაიწყო გამოძიება საპროტესტო აქციების დროს ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლის ინციდენტებზე.
ორგანიზაცია ასევე მიუთითებს, რომ არჩევნებამდე საქართველოში არ შემოუშვეს ჩეხი ფოტოჟურნალისტი, რეი ბასელეი და შვეიცარიელი ფოტოჟურნალისტი, სტივენ გოსი. ორივე მათგანი იღებდა მასშტაბურ ანტისამთავრობო აქციებს მიმდინარე წლის გაზაფხულზე.
CPJ წერს იმასაც, რომ არჩევნების დროს მედიის უფლებების დამცველმა ჯგუფებმა დააფიქსირეს ჟურნალისტების ხელის შეშლისა და დაშინების ათობით ინციდენტი, რომელთაგან ბევრი აშუქებდა არჩევნების შესაძლო გაყალბებას. ადგილობრივმა ჟურნალისტებმა და ადვოკატებმა ადრე CPJ-ს უთხრეს, რომ შიშობდნენ, მმართველი პარტიის გამარჯვებას არ შეეზღუდა პრესის თავისუფლება ქვეყანაში.