„ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი“ მზია ამაღლობელის და გურამ მურვანიძის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

პუბლიკა

„ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი“ მოუწოდებს საქართველოს ოფიციალურ პირებს, გაათავისუფლოს დაპატიმრებული ოპერატორი გურამ მურვანიძე და  გამოიძიონ, მზია ამაღლობელის პატიმრობა ხომ არ არის შურისძიება მისი ჟურნალისტური საქმიანობის გამო.

„ხანგრძლივი პატიმრობა, რაც მზია ამაღლობელს ემუქრება, არაპროპორციულია და ზრდის ლეგიტიმურ შეშფოთებას, რომ მის მიმართ ამ სამართლებრივი დევნის მიზანი იმ მედიასაშუალებების გაჩუმებაა, რომელსაც ის მართავს. მზია ამაღლობელი და რეპორტიორი გურამ მურვანიძე უნდა გაათავისუფლონ. უნდა ჩატარდეს მიუკერძოებელი გამოძიება ამაღლობელის დაკავების გარემოებებთან დაკავშირებით“, – აცხადებს CPJ-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის პროგრამის კოორდინატორი, გულნოზა საიდი.

„ბათუმელების“ ოპერატორს, გურამ მურვანიძეს ადმინისტრაციული პატიმრობა აქვს შეფარდებული, მზია ამაღლობელი წინასწარ პატიმრობაშია მოთავსებული. მის წინაარმდეგ საქმე პოლიციელზე თავდასხმის მუხლით მიმდინარეობს.

მზია ამაღლობელი 11 იანვარს ორჯერ დააკავეს. პირველად საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა „იფიცება საქართველო”, მეორედ კი – ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო. ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებებს მოჰყვა.

გურამ მურვანიძე პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს დააკავეს.