ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება დავიწყეთ - საგამოძიებო „TV პირველზე“

პუბლიკა

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში ამბობენ, რომ ტელეკომპანია „პირველის“ გადამღები ჯგუფისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

მათივე ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს, ძალადობის მუქარით ან სამსახურეობრვი მდგომარეობის გამოყენებით.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ინტენსიურ რეჟიმში ატარებენ ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ობიექტური და სრულყოფილი გამოძიების უზრუნველყოფისთვის.


„TV პირველის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გუშინ, ბათუმში, ოპერატორი ჩართვისთვის ემზადებოდა, როდესაც მას რამდენიმე ადამიანი მიუახლოვდა და ჯერ სიტყვიერი, შემდეგ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ინფორმაცია ოპერატორის ცემის შესახებ გაავრცელა ასევე, გამოცემა „ბათუმელებმა“. მომხდარს განცხადებით გამოეხმაურა მედიის ადვოკატირების კოალიცია.