ჟურნალისტური ეთიკის ქარტია აჭარის ტელევიზიის დირექტორსა და ჟურნალისტებს შეხვდება

პუბლიკა

აჭარის ტელევიზიის ახალი დირექტორის, გიორგი კოხრეიძის  არჩევის შემდეგ, ტელევიზიის ჟურნალისტების ნაწილი ღიად საუბრობს მათი სარედაქციო დამოუკიდებლობის შესაძლო ხელყოფაზე.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ინფორმაციით, ქარტიის საბჭო მუდმივ კომუნიკაციაშია ტელევიზიის თანამშრომლებთან და აკვირდება მოვლენების განვითარებას.

„ვინაიდან აჭარის ტელევიზიის რამდენიმე ათეული თანამშრომელი ქარტიის წევრი და ხელმომწერია, ქარტიის ინიციატივით შეთანხმდა ტელევიზიის დირექტორთან და მრჩეველთა საბჭოს წევრებთან შეხვედრა.

ქარტიის წარმომადგენლები აჭარის ტელევიზიაში შეხვედრებს  3 და 4 დეკემბერს გამართავენ, შეხვედრებზე მიღებულ ინფორმაციას ქარტიის წევრებს და დაინტერესებულ საზოგადოებას გავაცნობთ, “- ამბობენ ჟურნალისტური ეთიკის საბჭოში.