ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს ხელისუფლებას, უზრუნველყოს ჟურნალისტთა უსაფრთხოების დაცვა, – ქარტია გიორგი გაბუნიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
ქარტია მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია საგამოძიებო ორგანოებმა გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციის მომზადებასთან დაკავშირებული საქმის დეტალები, მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, დროულად გაასაჯაროონ.
„გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2020 წლის 12 ივნისს თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებული რუსეთის მოქალაქე ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა.
აღნიშნული, სავარაუდოდ, უკავშირდება 2019 წლის 7 ივლისს ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ გადაცემა „პოსტსკრიპტუმში“ გიორგი გაბუნიას მხრიდან რუსეთის პრეზიდენტის – ვლადიმირ პუტინის გინებას. აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა თავად ვლადიმერ პუტინიც. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა კი, ჟურნალისტის ქმედება უარყოფითად შეაფასეს”, – წერს ქარტია.
აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მოგვიანებით განცხადებაც გაავრცელა:
„მასმედიის საშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, გვსურს გაცნობოთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტის მიერ, ყალბი დოკუმენტის შეძენა-შენახვისა და გამოყენების ბრალდებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით დაკავებულია რუსეთის ფედერაციის მოქალაქე.
ბრალდებული ვ.ბ.-ს დაკავება განხორციელდა შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრი, შესაბამისი ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე აწარმოებდა”, – აცხადებდა სუსი.