ჟურნალისტური გამოძიება: „თომას შუ, რომელიც ბათუმს მსხვილ უცხოელ ინვესტორად გაეცნო, გაქცეული და ძებნილი ნარკოდამნაშავე აღმოჩნდა“

პუბლიკა

OCCRP-ის, The Reporter-ის, Voice of Democracy-ს, Rappler-ის, „აი, ფაქტისა“ და „ფლანგვის დეტექტორის“ მიერ მომზადებული მასალის მიხედვით, თომას შუ, რომელიც ბათუმს მსხვილ უცხოელ ინვესტორად გაეცნო, სინამდვილეში ტაივანიდან 2014 წელს გაქცეული და ძებნაში მყოფი ნარკოდამნაშავე აღმოჩნდა.

მასალის მიხედვით, თომას შუ ბათუმში ცნობილი იყო, როგორც „Lixin Group-ის“ დამფუძნებელი და კამბოჯაში მოქმედი მსხვილი უძრავი ქონების დეველოპერი.

OCCRP-ისა და პარტნიორების მიერ მოპოვებული საჯარო ჩანაწერებისა და სასამართლო დოკუმენტების მიხედვით, კამბოჯელი „ქველმოქმედი“ სინამდვილეში ტაივანელი მსჯავრდებული ნარკომოვაჭრე აღმოჩნდა.

გთავაზობთ OCCRP-ისა და პარტნიორების მიერ მომზადებულ მასალას:

„შუ, რომლის ნამდვილი სახელი 2019 წლამდე მინგ ჩინ ჰსუ იყო, სამშობლოდან 2014 წელს გაიქცა და მასზე ძებნა დღემდეა გამოცხადებული.

იგი ასევე სამი ქვეყნის სამართალდამცავი უწყებების მიერ მიიჩნევა ეჭვმიტანილად 364 მილიონი დოლარის ღირებულების ნარკოტიკების გადაზიდვის დაფინანსებაში, რომელიც აზიის ერთ-ერთ მსხვილ ნარკოსინდიკატს უკავშირდება (პოლიციის განცხადებით, აღნიშნული დანაშაულისთვის მას ბრალი ოფიციალურად არ წარდგენია, ნაწილობრივ იმის გამო, რომ ტაივანსა და კამბოჯას შორის ექსტრადიციის ხელშეკრულება არ არსებობს).

როდესაც OCCRP-იმ „Lixin Group-ს“ თომას შუსა და კომპანიაში მისი როლის შესახებ მიმართა, ჯგუფის იურისტები აცხადებდნენ, რომ მას კომპანიასთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა.

„თომას შუ/მინგ ჩინ ჰსუ არ მონაწილეობს „Lixin Group“-ში შემავალი არცერთი სუბიექტის საქმიანობაში“, – ნათქვამია წერილობით პასუხში. მათ ასევე უარყვეს OCCRP-ის მიერ შეგროვებული პრესრელიზები და სარეკლამო მასალები, რომლებშიც შუ Lixin-ის თავმჯდომარედ იყო დასახელებული, და ეს ინფორმაცია „ფაქტობრივად არასწორად“ შეაფასეს.

OCCRP-ის მიერ შეკითხვების გაგზავნის შემდეგ, „Lixin Group“-ის ვებ-გვერდიდან და YouTube-არხიდან წაიშალა შუს, როგორც „Lixin“-ის თავმჯდომარის, შესახებ არსებული ყველა ინფორმაცია, ასევე სხვადასხვა ღონისძიებებზე გადაღებული კადრები, სადაც ის კომპანიის წარმომადგენლად ფიგურირებდა.

რას აკეთებდა შუ ბათუმში?

„იმ პერიოდის მედია მასალები და პრესრელიზები ცხადყოფს, რომ შუ ქალაქში სწორედ „Lixin“-ის სახელით ბიზნესის განსახორციელებლად ჩამოვიდა და ეს პროცესი საკმაოდ შთამბეჭდავადაც დაიწყო. მან მალევე განახორციელა მსხვილი ინვესტიცია პროექტ „Halcyon“-ში, რომელიც ბათუმს ქალაქის ჰორიზონტის ტრანსფორმაციასა და სანაპირო ზოლის გამოცოცხლებას ჰპირდებოდა.

თუმცა, მომდევნო წელს ვითარება შეიცვალა. ირკვევა, რომ შუმ საქართველოში მის საკუთრებაში არსებული ყველა აქტივის უფროსი ძმისთვის, მინგ ჩაო ჰსუსთვის, გადაფორმება დაიწყო.

მან თავდაპირველად პროექტ „Halcyon“-ში თავისი 5.2 მილიონი დოლარის ღირებულების წილი უსასყიდლოდ გადააფორმა რომანტიკულ პარტნიორზე, ჩენგ ია-ვენზე. მოგვიანებით, 2023 წელს განხორციელებული ტრანზაქციების სერიის შედეგად, რომლებიც, როგორც ჟურნალისტებმა დაადგინეს, არასოდეს გასაჯაროვებულა, ჩენგმა ეს წილი მინგ ჩაო ჰსუს გადასცა და ამავე პერიოდში გადაუფორმა მის მიერ საქართველოში დაფუძნებული კიდევ ორი კომპანია –  „ლიქსინ თრეველი“ (Lixin Travel) და „ლიქსინ თრეიდინგი“ (Lixin Trading).

მინგ ჩაო ჰსუ, რომელიც „Lixin Group“-ის სახედ და აღმასრულებელ დირექტორად ფიგურირებს, ამჟამად საქართველოში ამ და სხვა კომპანიების მეშვეობით თითქმის 22.7 მილიონი დოლარის ღირებულების უძრავ ქონებას ფლობს ან თანამფლობელია, მაშინ როცა თომას შუს სახელი ყველა ამ აქტივიდან მთლიანად გამქრალია.

ყველაზე თვალსაჩინო პროექტად კვლავ „Halcyon“ რჩება. „Lixin Group“ საკუთარ ვებგვერდზე პროექტს ინტენსიურად არეკლამებს და მას „საქართველოს ყველაზე მაღალ შენობასა და მსოფლიო დონის ღირსშესანიშნაობას“ უწოდებს. თუმცა, პროექტის დაანონსებიდან ოთხი წლის შემდეგაც მშენებლობა არ დაწყებულა.

ამასთან, ჟურნალისტებმა დაადგინეს, რომ ინტერნეტში გამოქვეყნებული შენობების არქიტექტურული რენდერები ძალიან ჰგავს ერაყელ-ბრიტანელი არქიტექტორის, ზაჰა ჰადიდის მიერ ჩინეთში, შენჟენ-ბეიში აშენებული კოშკის დიზაინს. (დიზაინთან დაკავშირებული კითხვების საპასუხოდ, „Lixin“-ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ „Halcyon Towers” ჯერ კიდევ „ადრეული კონცეპტუალური დაგეგმარების ეტაპზეა“, ხოლო ინტერნეტში გამოქვეყნებული დიზაინი „წინასწარი კონცეფციაა და საბოლოო ვერსიას არ წარმოადგენს“.)“

მიმდინარე წლის დასაწყისში გამოქვეყნებულ ანგარიშში გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისმა (UNODC) აღწერა კამბოჯაში მოქმედი უძრავი ქონების დეველოპერი კომპანია, რომელიც „Lixin“-ს საოცრად ჰგავს. მიუხედავად იმისა, რომ ანგარიშში დეველოპერი მხოლოდ კოდური სახელით, „Business Group 2“ (BG2)-ით არის მოხსენიებული, მის მომზადებაში ჩართულმა სამმა პირმა OCCRP-ს დაუდასტურა, რომ „Business Group 2“ სწორედ „Lixin Group-ა“.

ანგარიშში BG2 აღწერილია როგორც „მეკონგის რეგიონში დაფუძნებული მსხვილი კრიმინალური საწარმო“, რომელიც ორმა ტაივანელმა დააფუძნა, მათგან ერთ-ერთი ტაივანში ნარკოტიკებით ვაჭრობისთვის დღემდე იძებნება. ორგანიზაციამ საქმიანობა თავდაპირველად კამბოჯაში გააფართოვა, მოგვიანებით კი – საქართველოში.

„სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ფართო საქმიანობის პარალელურად, „BG2“-მა თავისი ოპერაციები მნიშვნელოვნად გააფართოვა საქართველოშიც, სადაც ჯგუფმა სულ მცირე 25 კომპანია დაარეგისტრირა” – ნათქვამია ანგარიშში. OCCRP-იმ და მისმა პარტნიორებმა საქართველოში სულ მცირე 30 კომპანია გამოავლინეს, რომლებიც „Lixin Global Invest“-ის, „Lixin“-ის სხვა სუბიექტების ან მათთან დაკავშირებული ბიზნესფიგურების მიერ იყო დაფუძნებული.

„მის ინტერესებშია სანაპირო ქალაქი ბათუმი, რომელიც, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის მსგავსად, სულ უფრო მეტად ასოცირდება ონლაინ აზარტულ თამაშებთან და კიბერ-თაღლითურ ოპერაციებთან“.

Lixin Group-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ კომპანიისთვის უცნობი იყო გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის (UNODC) ანგარიშის შესახებ. მიუხედავად ამისა, მათ კატეგორიულად უარყვეს ნებისმიერი სახის კანონდარღვევა ან კავშირი უკანონო აზარტულ თამაშებსა და კიბერ-თაღლითობასთან.

„თუკი დადასტურდება, რომ გაეროს ანგარიშში მოხსენიებული “BG2” გულისხმობს “Lixin Group-ს”, კომპანია დაუკავშირდება გაეროს შესაბამის დეპარტამენტებს და წარადგენს სათანადო მტკიცებულებებს სიტუაციის ასახსნელად და ფაქტების დასაზუსტებლად“, – განუცხადა კომპანიის წარმომადგენელმა OCCRP-ის.

მიუხედავად იმისა, რომ Lixin-ს კიბერთაღლითობისთვის ოფიციალურად ბრალი არასდროს წარდგენია, OCCRP-მ და მისმა პარტნიორებმა აღმოაჩინეს ჩინეთის სასამართლოს განაჩენები, რომელთა მიხედვითაც კამბოჯაში მოქმედმა Lixin-ის ერთმა კომპანიამ მინიმუმ 12 ჩინელი თანამშრომელი დაიქირავა მასშტაბური თაღლითური სატელეფონო ქოლ-ცენტრების საოპერაციოდ.

გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის (UNODC) ანგარიშში ასევე ხაზგასმულია „BG2“-ის კავშირი ქართულ წამყვან საფეხბურთო კლუბთან: „ბოლო წლებში „BG2“-მა მილიონობით დოლარის ინვესტიცია განახორციელა, რათა გამხდარიყო საქართველოს უმაღლესი ლიგის საფეხბურთო კლუბის მთავარი სპონსორი. ეს მიუთითებს მის მუდმივ მცდელობაზე, გააფართოოს თავისი ლეგიტიმური საჯარო ბრენდი და გავლენა ქვეყნის შიგნით“.

ჰსუს და „Lixin Group“-ის იურისტებმა უარყვეს კომპანიის კავშირი რაიმე სახის უკანონო საქმიანობასთან. მათი განმარტებით, მას შემდეგ, რაც კამბოჯის მთავრობამ ონლაინ კაზინოები აკრძალა, „Lixin Group“-ის კომპანიებმა ეს ბიზნესი დატოვა. მათ ასევე განაცხადეს, რომ „Lixin“-მა ბათუმის საფეხბურთო კლუბის სპონსორობა შეწყვიტა და უარყვეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თომას შუ ოდესმე მისი საპატიო პრეზიდენტი იყო.

„კომპანია აცხადებს, რომ იგი არის პასუხისმგებლიანი უძრავი ქონების დეველოპერი და არ ჩაებმება არანაირ ბიზნეს საქმიანობაში, რომელიც ეჭვმიტანილია უკანონობაში ან კანონთან შეუსაბამობაში,“ -ნათქვამია Lixin-ის წარმომადგენლის მიერ გამოგზავნილ ელექტრონულ წერილში.“

ჟურნალისტურ გამოძიებას სრულად გაეცანით ბმულზე.