ჟურნალმა „ლანცეტმა“ კორონავირუსის „პლაქვენილით“ მკურნალობის რისკების შესახებ პუბლიკაცია უკან გაიწვია

პუბლიკა

საერთაშორისო სამედიცინო ჟურნალმა „ლანცეტმა“ კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების „ჰიდროქსიქლოროქინით“ (პლაქვენილით) მკურნალობის რისკების შესახებ პუბლიკაცია უკან გაიწვია. ამის შესახებ განცხადება „ლანცეტის“ გვერდზე გამოქვეყნდა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ სტატიის ოთხი ავტორიდან სამმა თანაავტორმა უარი თქვა თავიანთ კვლევაზე, რადგან ვერ შეძლეს იმ მონაცემების დამოუკიდებელი შემოწმების ჩატარება, რომელიც მათ ანალიზს საფუძვლად ედო.

„ავტორებმა ვერ შეძლეს დამოუკიდებელი აუდიტის ჩატარება იმ მონაცემების საფუძველზე, რომლებიც მათ ანალიზს შეიცავდა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადებაში წერია, რომ ავტორები პასუხს ვეღარ აგებენ მონაცემთა პირველადი წყაროების სიზუსტეზე. ჟურნალში აღნიშნულია, რომ სტატია უახლოეს მომავალში განახლდება. 22 მაისს ჟურნალ „ლანცეტში“ გამოქვეყნებულ მასალაში აღნიშნული იყო, რომ „პლაქვენილის“ გამოყენება covid-19-ით ინფიცირებული პაციენტების გარდაცვალების რისკს ზრდიდა.


სოლიდარობის კვლევიდან „პლაქველინის” ამოღებაზე გადაწყვეტილება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ უსაფრთხოების რისკებიდან გამომდინარე მიიღო. ჯანმო გადაწყვეტილების მიღებისას სამედიცინო ჟურნალ „ლანცეტში” გამოქვეყნებულ კვლევას დაეყრდნო, რომლის მიხედვითაც პაციენტებში, რომლებიც პლაქვენილს შემთხვევითი შერჩევის წესით იღებდნენ, სიკვდილიანობა გაიზარდა.

საქართველოშიც COVID-19-ის მკურნალობის მიზნით პლაქვენილის გამოყენება დროებით შეჩერდა. ჯანდაცვის სამინისტროს განიხილეს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ახალი გაიდლაინები, რომლის მიხედვითაც ორგანიზაციამ პლაქვენილის გამოყენება, სოლიდარობის კვლევის ფარგლებში, დროებით შეაჩერა.