„ქალბატონი თამარი ელოდებოდა ახალ საკანონმდებლო სიახლეებს. ის ერთი კვირის წინ მკაფიოდ ამბობდა, რომ ახალი კანონის ძალაში შესვლას ელოდებოდა და შემდეგ მიიღებდა გადაწყვეტილებას”, – ასე განმარტა ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა თამარ ჟვანიას თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება.
მას შეკითხვა თამარ ჟვანიას ერთი კვირის წინანადელ განცხადებაზე დაუსვეს, როდესაც ცესკოს თავმჯდომარე აცხადებდა, რომ „არსად წასვლას არ აპირებდა და რომ კანონმდებლობიდან გამომდინარე გადაწყდებოდა”.
„ზუსტად ერთი კვირის წინ, როდესაც ის იმყოფებოდა საკანონმდებლო ორგანოში, მან ხაზი გაუსვა, რომ ის არის აქ და დაელოდება ახალ საკანონმდებლო სიახლეებს, ზუსტად გუშინ შევიდა განახლებული საარჩევნო კოდექსი ძალაში. აქედან გამომდინარე [თავმჯდომარის], არჩევის წესი იცვლება, 2/3 სჭირდება, რომ ის იყოს არჩეული”, – ამბობს იოსელიანი.
მისივე თქმით, ცესკოს თავმჯდომარის მოვალეობას მისი მოადგილე გიორგი შარაბიძე შეასრულებს. იოსელიანის ცნობით, ჟვანია მუშაობას საერთაშორისო ორგანიზაციაში გააგრძელებს.
თამარ ჟვანია დღეს, 30 ივნისს გადადგა. მისი თქმით, მისი ეს გადაწყვეტილება მისცემს საშუალებას პოლიტიკურ მხარეებს განახლებული საარჩევნო კოდექსის საფუძველზე აირჩიონ ცესკოს თავმჯდომარე.
„იმის მიუხედავად, რომ კანონმდებლობით კიდევ ორ წელზე მეტი შემეძლო გამეგრძელებინა ადმინისტრაციაში საქმიანობა, მიმაჩნია, რომ შარლ მიშელის შეთანხმების საფუძველზე მიღებულმა საარჩევნო რეგულაციებმა ახალი რეალობა მოიტანა. შესაბამისად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ახალი წესით არჩევა იქნება დამატებითი, ხელშემწყობი ფაქტორი ფართო პოლიტიკური თანხმობისთვის”, – წერს ის facebook-ზე.