შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დმანისის საკრებულოს თავმჯდომარის, მერაბ ოქრიაშვილის დაჭრისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებულია ერთი პირი – 1985 წელს დაბადებული ბ.ო.
დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 1-ელ ნოემბერს, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯავახის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, თავისი ნათესავი, დმანისის საკრებულოს თავმჯდომარე 1966 წელს დაბადებული მ.ო. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ფეხის არეში დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, – აცხადებს შსს.
უწყების განცხადებით, პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – ცეცხლსასროლი პისტოლეტი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 118-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.
„გაერთიანებული ოპოზიციიდან“ დმანისის, ბოლნისის, თეთრი წყაროსა და წალკის მაჟორიტარობის კანდიდატის კახა ოქრიაშვილის ინფორმაციით, მერაბ ოქრიაშვილი თავისი ბიძაშვილია. კახა ოქრიაშვილის თქმით, მერაბ ოქრიაშვილს, ფეხის არეში ორი ტყვია აქვს ნასროლი. „პოლიტიკური თავდასხმაა. ორი ტყვიაა ნასროლი. მიდის ეს პროცესი, სროლა და ამბავი. დასაჯეს მერაბი იმიტომ, რომ მე მიჭერდა მხარს“, – თქვა ოქრიაშვილმა „ტვ პირველთან“.