დმანისში 1.8 მილიონი წლით დათარიღებულ ფენებში ადრეული ჰომოს კბილი აღმოაჩინეს

პუბლიკა

საქართველოს არქეოლოგიისა და პრეისტორიის ეროვნული კვლევითი ცენტრი სენსაციური აღმოჩენის შესახებ იტყობინება.

დმანისში, სოფელ ქვემო ოროზმანში, რომელიც 1.8 მლნ წლით დათარიღებული არქეოლოგიური ძეგლია, საერთაშორისო არქეოლოგიურმა ექსპედიციამ, 2022 წლის არქეოლოგიურ კამპანიის დროს, 1.8 მილიონი წლით დათარიღებულ ფენებში ადრეული ჰომოს ქვედა ყბის კბილი, მე-4 პრემოლარი აღმოაჩინეს.

არქეოლოგიური აღმოჩენის პრეზენტაცია დღეს სოფელ ოროზმანის არქეოლოგიურ ძეგლთან გაიმართა. აღმოჩენილი კბილი საზოგადოებას ოროზმანის ექსპედიციის სამეცნიერო ხელმძღვანელმა, არქეოლოგმა გიორგი ბიძინაშვილმა გააცნო.

ექსპედიციის ხელმძღვანელის თქმით, ოროზმანის აღმოჩენა მსოფლიო მნიშვნელობისაა და დმანისთან ერთად, აფრიკის ფარგლებს გარეთ, მსოფლიოში უძველესი ადამიანის ანუ ადრეული (Homo)-ს გავრცელების კერას წარმოადგენს.

ამ ტერიტორიაზე პირველი არქეოლოგიური გათხრების დროს, 2021 წელს, ევრაზიის უძველესი მცხოვრებლების (ჰომო ერექტუსების) მიერ დამზადებულ ქვის იარაღებსა და გადაშენებულ ცხოველთა ნაშთებს მიაკვლიეს.

აღმოჩენილმა არტეფაქტებმა მთლიანად შეცვალა წარმოდგენა ოროზმანის ძეგლის შესახებ. გაჩნდა მტკიცებულება, რომ დმანისის ცნობილი არქეოლოგიური ძეგლის გარდა, კიდევ ერთი მსოფლიო მნიშვნელობის პრეისტორიული ობიექტი არსებობს.

ოროზმანის აღმოჩენა დიდ სამეცნიერო ინტერესს იწვევს ქართველ და უცხოელ სპეციალისტებს შორის, რადგან მტკიცდება, რომ სამხრეთ კავკასია, კერძოდ კი დმანისის შემოგარენი, მასიურად იყო ათვისებული აფრიკიდან ევრაზიაში მიგრირებული უძველესი ჰომინიდების (Homo erectus) ჯგუფების მიერ.

ოროზმანის ექსპედიციის სამეცნიერო ხელმძღვანელი, მაგიორგი ბიძინაშვილი 2022 წლის 24 მაისს 20 კოლეგასთან ერთად ეროვნული მუზეუმიდან გაათავისუფლეს. გათავისუფლებამდე გამართულ გასაუბრებაზე მას ჰკითხეს, თუ რატომ აკრიტიკებდა მინისტრის პოლიტიკას მუზეუმთან მიმართებით და რატომ იყო დაუმორჩილებელი. ის მიიჩნევს, რომ მუზეუმიდან „ურჩობის“ გამო გაათავისუფლეს.