პროკურატურის ცნობით, დმანისში ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში მეუღლის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულს ბრალდება წარედგინა.
გამოძიების ვერსიით, „27 იანვარს დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაბულახში ბრალდებულმა, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, მეუღლეს ჭრილობა მიაყენა. მიღებული დაზიანების შედეგად დაზარალებული სამედიცინო დახმარების აღმოჩენამდე გარდაიცვალა.“
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „კ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო; ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა მისთვის პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს.