დმანისში დაპირისპირებული მხარეების წარმომადგენლებმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს

პუბლიკა

დმანისში დაპირისპირებული მხარეების წარმომადგენლებმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს.

„შერიგება მოხდა ჩვენსა და აზერბაიჯანელებს შორის. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ შემდგომში აღარ გაგრძელდება ასეთი ფაქტი, ასეთი სიტუაციები. ყოველთვის გვირჩევნია მეც და ჩემს ირგვლივ მყოფებსაც, რომ იყოს ყოველთვის სიტუაცია ისე, როგორც აქამდე გვქონდა, კარგი და მშვიდობიანი ურთიერთობა. შეხვედრამ ძალიან კარგად  ჩაიარა. დასასრული იყო ჩვენთვის ყველასთვის მისაღები. დიდი იმედი მაქვს, რომ კონფლიქტი ამოწურულია“, – განაცხადა ადგილობრივმა ამირან ნარსავიძემ.

შეხვედრა დმანისის მერიის შენობაში მიმდინარეობდა.  პროცესში ჩართულები იყვნენ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სასულიერო  პირები.

შეხვედრის შემდეგ მედიასთან განცხადება გააკეთა პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა. მისი თქმით, კონფლიქტში მონაწილე მხარეები აცხადებენ, რომ სამწუხარო ფაქტი მოხდა. სოზარ სუბარმა აღნიშნა, რომ გუშინ, დმანისის ერთ-ერთ მაღაზიაში დაწყებული დაპირისპირების ესკალაცია მოხდა დღეს და ეს იყო ორგანიზებული. სოზარ სუბარმა აღნიშნა, რომ კითხვებს პასუხი გაეცემა.


17 მაისს ქალაქ დმანისში საქართველოს აზერბაიჯანელი თემის წარმომადგენლებსა და ეთნიკურ ქართველებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირების დროს მოქალაქეები ხელკეტებით იყვნენ შეიარაღებულნი. პოლიცია ცდილობდა სიტუაციის განმუხტვას.

როგორც ტელევიზიებთან ადგილობრივები აცხადებდნენ, დაპირისპირების მიზეზი ერთ-ერთ მაღაზიაში დაწყებული შელაპარაკება გახდა. რამდენიმე ეთნიკურად ქართველი მაღაზიაში შევიდა და მოითხოვა ლუდი, საფასურის გადახდის გარეშე, რაზეც უარი მიიღეს. ცოტა ხნის შემდეგ ისინი დაბრუნდნენ რამდენიმე ათეულ ადამიანთან ერთად, სადაც მათ, ასევე, დახვდნენ ეთნიკურად აზერბაიჯანელები და მათ შორის დაიწყო ფიზიკური დაპირისპირება.