დმანისში მოსახლეობას შორის დაპირისპირება გრძელდება | პოლიცია ვითარების განმუხტვას ცდილობს

პუბლიკა

ქალაქ დმანისში ადგილობრივ მოსახლეობას შორის გუშინ დაწყებული დაპირისპირება გრძელდება. მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ დაპირისპირებული მხარეები ხელკეტებით არიან შეიარაღებულები და რამდენიმე წუთის წინ ერთმანეთს ფიზიკურად უსწორდებოდნენ. ამ ეტაპზე ფიზიკური დაპირისპირება განმუხტულია, თუმცა ისინი ადგილზე რჩებიან.

როგორც ვიდეოკადრებში ჩანს, პოლიცია ცდილობდა სიტუაციის განმუხტვას. ისინი აკავებდნენ დაპირისპირებაში მონაწილე პირებს. მედიის ცნობით, რომელიც ადგილზე მუშაობს, დაპირისპირების შედეგად დაშავდა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის – პოლიციელები. დაზიანებულია მანქანები. ადგილზე პოლიციასთან ერთად მობილიზებულია სასწრაფო დახმარების მანქანებიც.

გუშინ ადგილობრივ ეთნიკურად ქართველი და აზერბაიჯანელი მოქალაქეების ნაწილს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

როგორც ტელევიზიებთან ადგილობრივები აცხადებენ, დაპირისპირების მიზეზი ერთ-ერთ მაღაზიაში დაწყებული შელაპარაკება გახდა. რამდენიმე ეთნიკურად ქართველი მაღაზიაში შევიდა და მოითხოვა ლუდი, საფასურის გადახდის გარეშე, რაზეც უარი მიიღეს. ცოტა ხნის შემდეგ ისინი დაბრუნდნენ რამდენიმე ათეულ ადამიანთან ერთად, სადაც მათ, ასევე, დახვდნენ ეთნიკურად აზერბაიჯანელები და მათ შორის დაიწყო ფიზიკური დაპირისპირება.

„მოვიდნენ და ნისიად მთხოვეს ლუდის წაღება. მე ვუთხარი, რომ ამის უფლება არ მაქვს, რადგან მაღაზიის მეპატრონე ადგილზე არ იყო. ამის შემდეგ დამიწყეს დედის გინება და შეურაცხყოფა. ერთ-ერთმა თავში ჩამარტყა და დამიწყო მუქარა. შემდეგ გარეთ გავიდნენ და ერთ-ერთმა ჩაარტყა თავში ჩემს მოხუც მამას. მერე წავიდნენ და მოვიდნენ ნახევარ საათში. ვიდრე პოლიცია მოვიდა, ყველა უკვე ნაცემი იყო“, – განაცხადა მაღაზიაში მომუშავე ქალმა „TV პირველთან“.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, დმანისში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მიმართავენ ოპერატიულ სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მიმდინარეობს ინციდენტში მონაწილე პირების იდენტიფიცირება და გამოძიება ძალადობის მუხლით არის დაწყებული.

„დმანისში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გეტყვით, რომ დაწყებულია გამოძიება ძალადობის მუხლით. მიმდინარეობს ოპერატიული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები. ხდება იმ პირების იდენტიფიცირება, ვინც მონაწილეობდა აღნიშნულ ქმედებაში და მათ მიმართ კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები გატარდება“, – განაცხადა დარახველიძემ.