დმანისში „ოცნების“ ოფისთან გაისროლეს და ადამიანები არიან დაჭრილები - კობახიძე

პუბლიკა

„ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია რუსთავი 2-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ დმანისში, „ოცნების“ ოფისთან გაისროლეს, რის შედეგადაც ადამიანები დაიჭრნენ.

„დმანისში ჩვენი პარტიის ოფისთან იყო მძიმე პროვოკაცია, რასაც ჩვენ მიჩვეული ვართ, მაგრამ რეაქცია, რაც ჩვენი აქტივის წარმომადგენლების მხრიდან ვიხილეთ, უმძიმესი იყო. მე როგორც ვიცი, გაისროლეს და ადამიანები არიან დაჭრილები. ასეთ დროს, უმკაცრესი რეაგირებაა საჭირო სამართალდამცველების მხრიდან. ამას არ აქვს გამართლება და არ შეიძლება რაიმე ფორმით შერბილდეს სანქცია დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ. შესაბამისად, პასუხისმგებლობა უმკაცრესი უნდა იყოს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ რუსთავი 2-ის ეთერში.

„პუბლიკას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ გამოძიება დაიწყო ორი მუხლით: 117-ე, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს; ასევე 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.