დმანისში ვტოვებთ პოლიციურ ძალებს, იქნება კონტროლი - შს მინისტრი

პუბლიკა

შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის თქმით, დმანისში დაპირისპირებაში მონაწილე პირები გამოკითხვაზე იმყოფებიან. მინისტრმა განმარტა, რომ გამოკითხვის შემდეგ მათ გაათავისუფლებენ, თუმცა, მინისტრი მომავალში დაკავებებს არ გამორიცხავს.

„დაკავებული არცერთი ადამიანი არ არის, გამოკითხვაზე იმყოფებიან. გამოკითხავენ და გამოვუშვებთ, თუმცა, გამოძიება დაწყებულია და მიდის გამოძიება, რამდენი ადამიანი იქნება მომავალში დაკავებული, არ ვიცით ჯერ. ამ წამს, დღეს, დაკავებული არავინ იქნება, იქნება გამოკითხული და გამოშვებული, გამოვიძიებთ“, – თქვა მან. 

ვახტანგ გომელაურის განცხადებით, არც მოქალაქეებისა და არც პოლიციელების მხრიდან მძიმედ დაშავებული არავინაა.

მინისტრის თქმით,  პოლიციური ძალები დმანისში რჩებიან და იქნება კონტროლი.

„ჩვენ პოლიციურ ძალებს ვტოვებთ რაღაც მასშტაბით, დამატებითი ძალები დარჩებიან რა თქმა უნდა და იქნება კონტროლი.  ვერავინ იტყვის, ხვალ რა მოხდება, შეიძლება დმანისში არ მოხდეს და სამეგრელოში მოხდეს“,- თქვა მან.


17 მაისს ქალაქ დმანისში საქართველოს აზერბაიჯანელი თემის წარმომადგენლებსა და ეთნიკურ ქართველებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რაც რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. დაპირისპირების დროს მოქალაქეები ხელკეტებით იყვნენ შეიარაღებულნი. პოლიცია ცდილობდა სიტუაციის განმუხტვას. საღამოს, დმანისში დამატებითი საპოლიციო ძალები, მათ შორის წყლის ჭავლის მანქანა შეიყვანეს. ადგილზე ჩავიდა შს მინისტრი ვახტანგ გომელაური და მისი მოადგილე.

სიტუაციის განმუხტვის შემდეგ დმანისის მერიის შენობაში დაპირისპირებული მხარეების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა. პროცესში ჩართულები იყვნენ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სასულიერო  პირები. დაპირისპირებული მხარეების წარმომადგენლებმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს და განაცხადეს, რომ შერიგდნენ.

როგორც ტელევიზიებთან ადგილობრივები აცხადებდნენ, დაპირისპირების მიზეზი ერთ-ერთ მაღაზიაში დაწყებული შელაპარაკება გახდა. მათი თქმით, 16 მაისს რამდენიმე ეთნიკურად ქართველი მაღაზიაში შევიდა და მოითხოვა ლუდი, საფასურის გადახდის გარეშე, რაზეც უარი მიიღეს. ცოტა ხნის შემდეგ კისინი დაბრუნდნენ რამდენიმე ათეულ ადამიანთან ერთად, სადაც მათ, ასევე, დახვდნენ ეთნიკურად აზერბაიჯანელები და მათ შორის დაიწყო ფიზიკური დაპირისპირება.