დმიტრი პესკოვის თქმით, ვლადიმირ პუტინი შესაძლოა ჩრდილოეთ კორეაში ჩავიდეს

პუბლიკა

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, ვლადიმირ პუტინი შესაძლოა ჩრდილოეთ კორეაში ჩავიდეს. ზუსტი თარიღები ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

„ვლადიმირ პუტინს ფხენიანიდან ოფიციალური ვიზიტის მოწვევა აქვს. ვიმედოვნებთ, რომ ეს მოხდება და რუსეთის პრეზიდენტი ჩრდილოეთ კორეას ეწვევა. ვიზიტის დრო დიპლომატიური არხებით შეთანხმდება”, – თქვა დმიტრი პესკოვმა.

მისივე თქმით, მანამდე, სავარაუდოდ, 16 იანვარს მოსკოვში პუტინი ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჩოი სონგ ჰუის შეხვდება.

დმიტრი პესკოვის თქმით, რუსეთი ჩრდილოეთ კორეასთან თანამშრომლობას აპირებს ყველა სფეროში.

„ჩრდილოეთ კორეა არის ჩვენი უახლოესი მეზობელი, ჩვენი პარტნიორი, რომელთან ურთიერთობასაც ვავითარებთ და ვაპირებთ, კიდევ უფრო გავაძლიეროთ პარტნიორობა ყველა სფეროში”, – თქვა პესკოვმა ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრის მოსკოვში ვიზიტის შეფასებისას.

მან ასევე ხაზი გაუსვა კოსმოდრომ „ვასტოჩნიზე“ მიღწეულ შეთანხმებას. 2023 წლის 13 სექტემბერს პუტინი და კიმ ჩენ ინი ერთმანეთს რუსეთში, კოსმოდრომ „ვასტოჩნიზე“ შეხვდნენ. კოსმოდრომი „ვასტოჩნი“ რუსული რაკეტების გაშვების ცენტრია და ქვეყნის უკიდურეს აღმოსავლეთში, ამურის პროვინციაში მდებარეობს.