დნესტრისპირეთში საარჩევნო უბნების გახსნის გამო მოლდოვამ რუსი დიპლომატი გააძევა

პუბლიკა

დნესტრისპირეთში რუსეთის საარჩევნო უბნების გახსნის გამო, მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საელჩოს ერთ-ერთი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და ქვეყნიდან გააძევა.

ამის შესახებ მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა ისაუბრა და თქვა, რომ რუსეთის ელჩი სამინისტროში 19 მარტს დაიბარეს. ის აღნიშნავს, რომ კიშინიოვის წინააღმდეგობის მიუხედავად, ეს დიპლომატი დნესტრისპირეთის რეგიონში ე.წ. არჩევნების ორგანიზებაში მონაწილეობდა.

პრესსამსახურის ცნობით, ელჩს გადასცეს შეტყობინება, რომ საელჩოს თანამშრომელი მოლდოვის ტერიტორიაზე არასასურველი პირია და ქვეყანა დაუყოვნებლივ უნდა დაეტოვებინა.

15-17 მარტს რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა – ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანახმად, მოსკოვის დროით პუტინმა ხმების 87%-ზე მეტი აიღო და მეხუთე ვადით გახდა პრეზიდენტი.

რუსეთმა ე.წ. საარჩევნო უბნები გახსნა ოკუპირებულ ტერიტორიებზეც, რაც დაგმეს როგორც ადგილობრივმა, ასევე, საერთაშორისო ლიდერებმა. პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო საზოგადოებას სათანადო რეაგირებისკენ მოუწოდა და საკითხი NATO-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის დროსაც დააყენა.