ოთხ თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელების კანდიდატურები დასანიშნად კულტურის მინისტრს წარედგინა; ერთის კანდიდატურა განსახილველად სარეკომენდაციო საბჭოს გადაეგზავნება, ხოლო ერთ თეატრში კონკურსი ჩაშლილად ცხადდება – ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.
უფრო კონკრეტულად, სამხატვრო ხელმძღვანელების კანდიდატურები, რომელიც მინისტრს დასანიშნად წარედგინა:
- ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად დიმიტრი ხვთისიაშვილი;
- თბილისის პეტროს ადამიანის სახელობის სომხურ დრამატულ თეატრში არმენაკ ბაიანდურიანი;
- მესხეთის (ახალციხის) პროფესიულ სახელმწიფო თეატრში ნაზო სულუაშვილი;
- თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში პაატა გულიაშვილი.
სამინისტროს განცხადებით, კულტურის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციაზე დავით დოიაშვილის კანდიდატურის სარეკომენდაციო საბჭოს წინაშე განსახილველად წარდგენის შესახებ.
„გარდა ამისა, კულტურის სამინისტროს მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება გიორგი ერისთავის სახელობის გორის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის შერჩევის მიზნით გამოცხადებული კონკურსის ჩაშლილად გამოცხადების თაობაზე და მოცემულ თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციაზე კონკურსი დღეს ხელახლა ცხადდება.
როგორც ცნობილია, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი თეატრებიდან, 21 თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს უფლებამოსილების 4-წლიანი ვადა 2022 წლის 1 იანვარს ამოეწურა. აქედან გამომდინარე, 2021 წლის დეკემბრიდან, კულტურის სამინისტრომ სამხატვრო ხელმძღვანელების შესარჩევად კონკურსი უკვე 15 თეატრში გამოაცხადა”, – ნათქვამია განცხადებაში.
დავით დოიაშვილი ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციას 2004 წლიდან იკავებდა.