დოკუმენტი მისაღებია, შეთანხმებასთან ახლოს ვართ | ხაზარაძე

პუბლიკა

ევროკავშირის ოფისში მიმდინარე შეხვედრის დასრულების შემდეგ პარტია „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ მედიატორების მიერ მხარეებისთვის წარმოდგენილი დოკუმენტი მისაღებია და პოლიტსაბჭოსთან განხილვის შემდეგ პარტია ხვალ თავის საბოლოო გადაწყვეტილებას იტყვის.

„პრინციპულად ეს დოკუმენტი მისაღებია, თუმცა ლელო ამ ყველა პუნქტებს გაიტანს პოლიტსაბჭოზე, რომ იმსჯელოს. მე მინდა გითხრათ რომ შეთანხმებასთან ახლოს ვართ. შეხვედრის მეორე მონაწილე ბოლო წუთში ჩაეხსნა შეხვედრას და ეს დადასტურებაა ,რომ მათ არ უნდა შეთანხმება და იმპულსურად მოქმედებენ, რაც აზიანებს ჩვენს მოქალაქეებს. ამ დოკუმენტის დასრულებით ქვეყანაში დაიწყება ახალი გადატვირთვა რაც გამოიხატება იმ პუნქტების რეალიზაციაში რაც ევროკავშირის და შეერთებული შტატების მონიტორინგის ქვეშ წარიმართება.“ – განაცხადა ხაზარაძემ.

ევროკავშირის ოფისში დაგეგმილ შეხვედრაზე „ოცნების“ წარმომადგენლები არ მივიდნენ. ამის შესახებ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.

განცხადება შეხვედრის დასრულების შემდეგ ასევე გააკეთა ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა.

„ეს წინადადება არის ის, რომელსაც პრეზიდენტი თვლის, როგორც დაბალანსებულად, ასევე რეალისტურად. ეს შეთანხმების ტექსტი გადაცემული იყო ყველა პარტიისადმი, როგორც „ქართული ოცნების“, ისე ოპოზიციური პარტიებისადმი.

ვიდრე მოხდებოდა ეს შეხვედრა, რამდენიმე პარტიამ ითხოვა დრო კონსულტაციებისთვის, რომ ახალი წინადადება განეხილათ და ჩვენ ეს ყურადღებაში მივიღეთ. დღევანდელი შეხვედრა შედარებით მოკლე იყო. ჩვენ ველოდებით, როდის დაბრუნდებიან პარტიები უკან, რომ გვამცნონ თავისი გადაწყვეტილება, რათა საქართველოში ამ პოლიტიკურ კრიზისს ჰქონდეს დასასრული“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.