დოკუმენტი | რეესტრმა მფლობელს ბინის სარდაფთან გაერთიანება არ დაურეგისტრირა

პუბლიკა

საჯარო რეესტრში წარდგენილი განცხადების მიხედვით, ბინის მესაკუთრემ, ზაურ ბუდატოვმა (ბათუმი, 26 მაისის ქუჩა N13, ბინა 1) განცხადებით მოითხოვა  სარდაფისა და ბინის გაერთიანება. ეს მოთხოვნა რეესტრმა შეაჩერა. მიზეზად დასახელდა ის, რომ წარმოდგენილი არ არის სარდაფის და ბინის გაერთიანების შიდა აზომვითი ნახაზი.

რეესტრში განცხადება 4 ოქტომბერს შევიდა, 8 ოქტომბერს კი რეესტრმა მოთხოვნა არ დაარეგისტრირა.

ზაურ ბუდატოვი 2 პირთან ერთად შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის პირველი სართულზე ერთ-ერთი ბინის მფლობელმა ზ.ბ.-მ ბინაში სარემონტო სამუშაოებისთვის ხ.ს. და გ.ს. დაიქირავა. ბინის მესაკუთრის მითითებით და უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევით საცხოვრებელ ბინაში სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები განხორციელდა, რამაც სავარაუდოდ, მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამონგრევა გამოიწვია“, – აცხადებს შსს.

დღესვე განცხადება გაავრცელა იუსტიციის სამინისტრომ და განმარტა, რომ საჯარო რეესტრი არ გასცემს სამშენებლო ნებართვეს, ის მხოლოდ უფლებამოსილია საკუთრების რეგისტრაციის უფლების გაცემაზე.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო არ არის მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო. მას არ გაუცია მშენებლობის ნებართვა ქ. ბათუმში 26 მაისის ქუჩაზე განთავსებულ საცხოვრებელ კორპუსში სამუშაოებთან დაკავშირებით, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

უწყების განმარტებით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მხოლოდ არეგისტრირებს საკუთრების უფლებას უძრავ ნივთზე.

„ადმინისტრაციული წარმოება, მიმდინარე განაცხადზე, წარიმართა მხოლოდ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით.

2021 წლის 4 ოქტომბერს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადებით მომართა ზაურ ბუდაგოვმა და მოითხოვა ქ. ბათუმში 26 მაისის ქუჩა, N 13, (სარდაფი) უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია. განაცხადს თან ერთვოდა ნოტარიულად დამოწმებული, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის 100%-იანი კრების ოქმი, რომელსაც ხელს აწერდა ამხანაგობის თავმჯდომარე. ასევე, განაცხადს თან ერთვოდა სარდაფის აზომვითი ნახაზი და ზაურ ბუდაგოვის საკუთრებაში არსებული ბინის N1 ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ კანონით გათვალისწინებულ ოთხი სამუშაო დღის ვადაში მიიღო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება, ვინაიდან მოთხოვნილი იყო უძრავი ქონების ცვლილების რეგისტრაცია და არ იყო წარმოდგენილი ბინისა და სარდაფის ერთიანი აზომვითი ნახაზი.

განვმარტავთ, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ არ დარღვეულა განაცხადის განხილვისთვის კანონით დადგენილი ვადა“, – აცხადებენ უწყებაში.