დოკუმენტის მთავარი დასკვნაა ის, რომ კონსტიტუციურობის დადგენა ოდირის პრეროგატივა არ არის – კობახიძე

პუბლიკა

ირაკლი კობახიძის თქმით,  ეუთო/ოდირის დასკვნის მიხედვით, კანონპროექტის კონსტიტუციურობის დადგენა ოდირის პრეროგატივა არაა. მისი თქმით, ამ დოკუმენტის მთავარი დასკვნა სწორედ ეს არის. მისივე თქმით, ოპოზიციამ, რომლის თხოვნითაც  ეუთო/ოდირში ე.წ. გერმანული მოდელზე პროექტი გაიგზავნა, ომბუდსმენის ოფისი უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა, რადგან ასეთი კითხვით  ეუთო/ოდირისთვის მიმართვა არაკომპეტენტურობაა.

„ოდირი ვერ შეაფასებს კანონპროექტის კონსტიტუციურობას. ეს არის მთავარი დასკვნა, რაც ჩანს ამ დოკუმენტში. ამით დადასტურდა ოპოზიციის არაკომპეტენტურობა. ამით ოპოზიციამ უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო სახალხო დამცველი, როცა გაგზავნა ოდირში ეს პროექტი. ჩვენ გუშინ მოვისმინეთ არაერთი ტყუილი ოპოზიციის მხრიდან ამ დასკვნაზე. ეს იყო კიდევ ერთი ტყუილი, რომელიც მარტივად ავლენს თავს და ბოლო დროს ტყუილებშიც უნიათოები არიან. ოდირის დასკვნიდან იკვეთება, რომ საარჩევნო სისტემის შერჩევა სახელმწიფოს სუვერენული ოცნებაა და სამართლიანი როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული და შერეული საარჩევნო სისტემები. ასევე, არის მინიშნება, რომ საარჩევნო წლის განმავლობაში საარჩევნო სისტემა არ უნდა იცვლებოდეს.  თანაბრად ლეგიტიმურია ჩვენს მიერ შეთავაზებული 100/ 50 სისტემა და ასევე დღეს მოქმედი შერეული სისტემა, რომელიც სამართლებრივ სტანდარტებთან თავსებადია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის,  სერგი კაპანაძის თქმით, ეუთო/ოდირის დასკვნაში ნათქვამია, რომ ე.წ. გერმანული მოდელი შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და არაფერია ნათქვამი მის არაკონსტიტუციურობაზე.  ამის შესახებ მან პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.