პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი, ანა დოლიძე „ნაციონალურ მოძრაობას“ მიმართავს, რომ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანასთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს მიმართონ. უფრო კონკრეტულად კი გამოიყენონ სტრასბურგის 39-ე მუხლით უზრუნველყოფილი პროცედურა.
„ჩვენ ვთვლით, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა გასამართლდეს და გასამართლდეს სწორად, სამართლიანი სასამართლოს მეშვეობით. მე წარვადგინე ჩვენი ინიციატივა ჰიბრიდული სასამართლოს შესახებ, მაგრამ იმასაც ვფიქრობთ, რომ „ქართულ ოცნებასა“ და ირაკლი ღარიბაშვილს არა აქვს გააზრებული რასთან აქვს საქმე და საერთოდ არ ვანდობ მე მათ ამ ძალიანა მნიშვნელოვან საკითხს, როგორი სიტუაციაც არის შექმნილი დღეს – სააკაშვილის ჯანმრთელობა, მისი პირობები და საერთოდ მისი სიცოცხლე. აქ სიმართლე ამ ორი პოლუსიდან ჩვენ არ ვიცით, ჩვენ ვინც მივეკუთვნებით ალტერნატივას და არცერთ პოლუსს არ მივეკუთვნებით. სიმართლე სად არის, არ ვიცით. ერთი პოლუსი გაიძახის, რომ პრობლემა არ არის, იყოს ციხის საავადმყოფოში, მეორე პოლუსი გაიძახის, რომ ის უნდა გათავისუფლდეს. სიმართლე სად არის, არ ვიცით.
ამიტომ ჩვენ როგორც გონივრული ალტერნატივა მოვუწოდებთ „ნაციონალურ მოძრაობას“ და სააკაშვილის ადვოკატებს, გააკეთონ შემდეგი, გამოიყენოს სტრასბურგის პროცედურა 39-ე მუხლით უზრუნველყოფილი, ჰქვია დროებითი ღონისძიება“, – განმარტავს დოლიძე.
მისივე განმარტებით, თუკი სტრასბურგის საქმეების განხილვას წლებიც სჭირდება, 39-ე მუხლი უზრუნველყოფს დროულად გადაწყვეტილების მიღებას.
„ეს ღონისძიება 39-ე მუხლით იმას ემსახურება, რომ სტრასბურგის საქმეები განიხილება წლების განმავლობაში და ამასობაში რომ არ დადგეს მძიმე შედეგი ჩვენი ქვეყნისთვის, რამე შარში არ გავეხვეთ, წავიდეს სასწრაფო განცხადება სტრასბურგში და სტრასბურგის სასამართლომ დაავალოს თუ საჭიროა, შესაბამისად შესწავლის შედეგად, რომ გადაიყვანოს სააკაშვილი ჩვეულებრივ სამოქალაქო საავადმყოფოში. ეს არის სწრაფი გზა, სიმართლის დადგენის გზა“,- აცხადებს დოლიძე.