ანა დოლიძემ, ლევან კობერიძემ, ალექსანდრე ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა დღეს ხელი მოაწერეს მემორანდუმს ახალი პლატფორმის შექმნის შესახებ.
მათი თქმით, ახალი პლატფორმა აერთიანებს მოქალაქეებს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ საქართველოს უპერსპექტივო მომავალი აქვს „ცუდი და უარესი პოლიტიკური არჩევანის პირისპირ“, რადგან პოლიტიკური დღის წესრიგი მონოპოლიზებული აქვს ორ ძალას, რომლებიც „ფსევდოდაპირისპირებით აძლიერებენ ერთმანეთს“, ხალხის პრობლემებს კი უყურადღებოდ ტოვებენ.
ანა დოლიძემ ჟურნალისტებს მემორანდუმის ტექსტი გააცნო:
„ჩვენ გვაერთიანებს სუფთა წარსული. აქამდეც ვიბრძოდით, ვშრომობდით და კიდევ უფრო თავდაუზოგავად ვიღვაწებთ საქართველოს წარმატებისთვის, გაძლიერებისა და ქვეყნის ევროატლანტიკურ ოჯახში გაერთიანებისთვის.
ჩვენი ამოცანაა, შევქმნათ განსხვავებული მსჯელობის პლატფორმა, რომელიც გახდება დღევანდელი, პოლარიზებული პოლიტიკური ატმოსფეროს ახალი, ჯანსაღი ალტერნატივა, რომელიც შემოიკრებს მსგავსი ფასეულობების, პატრიოტ, კეთილსინდისიერ და ქვეყანაზე მზრუნველ მოქალაქეებს”, – წერია მემორნადუმის ტექსტში.
ანა დოლიძის შემდეგ ჟურნალისტებს უკვე სხვა ხელმომწერებმაც მიმართეს.
ალეკო ელისაშვილმა დააზუსტა, რომ დღეს არა პოლიტიკური პარტიის, არამედ პლატფორმის პრეზენტაცია გაიმართა, რომლის გარშემო შეკრებილი ადამიანები საქართველოში დღეს არსებულ პრობლემებზე იმსჯელებენ.
„30 წელია, პოლიტიკად მიჩნეულია სიძულვილი, ზიზღი, გაუთავებელი დაპირისპირება. ხალხი იხრჩობა სიღარიბეში და ეს ქვეყანა გახდა წარუმატებელი, მაჩანჩალა ქვეყანა, საიდანაც ადამიანები გარბიან. გვინდა, პირადი მაგალითით ვაჩვენოთ, რომ სინამდვილეში, პოლიტიკა არის ხალხის სამსახური”, – განაცხადა ელისაშვილმა, რომელმაც იმედი გამოთქვა, რომ გუნდი გაფართოვდება იმ ღირებულებების ადამიანებით, რაც მემორანდუმის ტექსტითაა გაცხადებული.
ლევან კობერიძის განცხადებით კი, აქ შეკრებილმა ადამიანებმა მიზნად დაისახეს, რომ მოქალაქეებს ალტერნატივა შეუქმნან, რათა „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის არჩევანის გაკეთება აღარ უწევდეთ. „ალტერნატიული პლატფორმა იქნება, სადაც იქნება ჯანსაღი ძალების მსჯელობის ადგილი… პოლიტიკა ქვეყანაში უნდა აკეთოს არა ფულმა, არამედ ადამიანებმა და პიროვნებებმა, ვისაც არ ეშინია მოქალაქეებისთვის თვალებში ჩახედვის“, – ამბობს კობერიძე.
ლევან კობერიძე აცხადებს, რომ პლატფორმა ღიაა სხვადასხვა პოლიტიკური ძალისთვის.
მოგვიანებით, ჟურნალისტებთან საუბრისას, ალეკო ელისაშვილმა არ გამორიცხა, რომ ეს პლატფორმა „სერიოზულ პოლიტიკურ განაცხადად ჩამოყალიბდეს“.
„პოლიტიკური პარტიის რეგისტრაცია ჩვენ, სამოქალაქო მოძრაობის ყოფილ ლიდერებს დაწყებული გვაქვს, თუმცა რა სახეს მიიღებს, რა ფორმას მიიღებს, ვნახოთ, არ გამოვრიცხავ რომ ჩვენი, ამ გუნდის დგომა გადაიზარდოს პოლიტიკურ გუნდშიც”, – განაცხადა ელისაშვილმა.
ლევან კობერიძე ამბობს, რომ ყველას, ვინც დღეს აქაა შეკრებილი, დამოუკიდებელი კონსულტაციები აქვთ როგორც ერთმანეთთან, ასევე სხვა პოლიტიკურ ძალებთანაც.
„რა ფორმას შეიძენს, როგორ პოლიტიკურ კონფიგურაციაში ჩაჯდება ეს ყველაფერი, ეს არის მომავლის საქმე“, – აცხადებს კობერიძე და ჩამოთვლის იმ პარტიებსა და პოლიტიკოსებს, რომელთანაც სავარაუდო თანამშრომლობას განიხილავს:
„თამარ ჩუგოშვილთან, პარტია „ლელოსთან“, თამარ ხულორდავა, დიმიტრი ცქიტიშვილი, გიორგი მოსიძე – ჩვენ დღეს რაც წარვადგინეთ, ეს არ არის, რომ ჩვენ ვართ ერთადერთი, ჭეშმარიტი ძალის ცენტრი, უბრალოდ, ერთი ნაბიჯი გადავდგით წინ, რომ საღი აზროვნების ადამიანები, გაერთიანებული მყარი ღირებულებებით, ვიყოთ შეკრებილნი“, – ამბობს კობერიძე.