დოლიძე რუსეთის მოქალაქეების მიერ უძრავი ქონების შეძენის აკრძალვას მოითხოვს | საკანონმდებლო წინადადება

პუბლიკა

პარტია „ხალხისთვის” ლიდერი, ანა დოლიძე პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მიმართავს და რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოში უძრავი ქონების შეძენის აკრძალვას მოითხოვს.

როგორც დოლიძე წერს, რეგიონში არსებული დაძაბული საომარი ვითარების ფონზე აღნიშნული ცვლილება წარმოადგენს, ე.წ. დამცავ ღონისძიებას.

მისივე თქმით, რუსეთის მოქალაქეების მიერ უძრავი ქონების შეძენა და საკუთრების უფლების წარმოშობა საფრთხეს უქმნის სახელმწიფო და საზოგადოებრივ უსაფრთხოებას.

„2022 წლის 24 თებერვლიდან რუსეთის ფედერაციიდან საქართველოს ტერიტორიაზე შემოსულ რუსეთის მოქალაქეებს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, აეკრძალოს ნებისმიერი უძრავი ქონების შეძენა და ამასთან ერთად მის საფუძველზე ბინადრობის ნებართვის მიღება”, – ნათქვამია საკანონმდებლო წინადადებაში.

ამასთან, დოლიძის ინიციატივა ცვლილებას ითვალისწინებს მოკლევადიანი ბინადრობის გაცემის პუნქტშიც. კერძოდ, უცხოელზე მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის მისაღებად საჭირო იქნება, რომ მათ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ღირებულება აღემატებოდეს 500 000 აშშ დოლარს (ნაცვლად დღეს მოქმედი – 100 000 აშშ დოლარისა).

„წინამდებარე კანონპროექტით გარდამავალ დებულებებს ემატება დროებითი დათქმა, რის საფუძველზეც რეგიონში საომარი მდგომარეობის დასრულებამდე რუსეთის მოქალაქეებს შეეზღუდოთ საქართველოში უძრავი ქონების შეძლება.

საქართველოში 35 000-ზე მეტი რუსეთის მოქალაქის შემოდინება გამოიწვია, მიუხედავად იმისა, რომ ომის აქტიური კერა უკრაინაშია და არა რუსეთში. საგულისხმოა რუსეთის მოქალაქეების ჭარბი ნაკადის შემოსვლა საქართველოში და მათ მიერ უძრავი ქონების შეძენა. სავარაუდოა, რომ მსგავსი ქმედება გამოწვეულია დროებითი ბინადრობის უფლების მოსაპოვებლად ან რუსული სანქციებისგან თავის დასაღწევად.  საყურადღებოა რუსეთის ფედერაციის საგარეო პოლიტიკა საქართველოს მიმართ და უწყვეტი საოკუპაციო მოქმედებები, რომლებიც დღემდე გრძელდება საქართველოს ტერიტორიაზე”, – ვკითხულობთ განმარტებით ბარათში.