დოლიძე საარჩევნო კაბინაში მობილურის შეტანის აკრძალვას მოითხოვს

პუბლიკა

მოძრაობა „ხალხისთვის” დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატი, ანა დოლიძე, საარჩევნო კაბინაში მობილური ტელეფონის შეტანის აკრძალვის მოთხოვნით გამოდის. დოლიძე მიმართავს პარლამენტს, მიიღოს საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ამორმჩეველთა ნების კონტროლს ხელს შეუშლის.

„უმთავრეს ბერკეტად, რომელიც ხელისუფლებას რჩება იმისთვის, რომ გააკონტროლოს ამომრჩევლის ნება და მოახდინოს ამომრჩეველზე ზეწოლა, არის მოთხოვნა, რომ მათ სურათი გადაუღონ საარჩევნო ჯიხურში შემოხაზულ ბიულეტენს და ეს სურათი გაგზავნონ შესაბამის ადგილას“, – აღნიშნა ანა დოლიძემ.

დოლიძის თქმით, ამ მოთხოვნაზე საუბრობს ყოველი მე-2 ამომრჩეველი.

„შესაბამისად, თუ ხელისუფლებას აქვს რეალური სურვილი, რომ ასეთი არაპირდაპირი მეთოდით არ მოახდინოს ზეწოლა ამომრჩეველზე, ამ საკითხის გადაწყვეტა ძალიან მარტივია იმით, რომ საარჩევნო ჯიხურში მობილური ტელეფონის შეტანა აიკრძალოს“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

დოლიძის თქმით, ხელისუფლებას როდესაც სურს, აკონტროლებს მობილური ტელეფონების შეტანას კონკრეტულ სივრცეში. მაგალითად, ეროვნული გამოცდების დროს.

„არგუმენტი, რომ ეს არ არის აღსრულებადი და ხელისუფლებას ამის საშუალება არ ექნება, იქნება უბრალოდ თავის გამართლება იმისთვის, რომ მორიგჯერ გამოიყენონ ტელეფონით ბიულეტის სურათის გადაღება, როგორც საშუალება ამომრჩეველზე ზეწოლის“, – აღნიშნა დოლიძემ.