„სამართლიანი არჩევნების” დირექტორის, ნინო დოლიძის თქმით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სასწავლო-საინფორმაციო შეხვედრაზე უთხრა, რომ „ეს იყო ბიულეტენის სატესტო ვერსია და არჩევნებზე სხვა ქაღალდი იქნებოდა გამოყენებული“.
დოლიძის თქმით, სასწავლო შეხვედრაზე ბიულეტენის სისქის პრობლემა და ქაღალდის უკანა მხარეს მარკერის კვალი ISFED-ის წარმომადგენლებმაც დააფიქსირეს და ცესკოსგან სწორედ ეს პასუხი მიიღეს.
მანამდე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ განაცხადა, რომ არჩევნების დღეს ხმის ფარულობის დარღვევის რისკები არჩევნებამდე ცესკოს მიერ გამართულ სასწავლო-საინფორმაციო შეხვედრებზე აღმოაჩინეს და ამის შესახებ წინასწარ მიმართეს ცესკოს, რათა მიეღოთ შესაბამისი ზომები ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად.
პასუხი ცესკოსგან მათაც ანალოგიური მიიღეს – რომ „სასწავლო-საინფორმაციო შეხვედრებზე გამოყენებული საარჩევნო ბიულეტენი იყო სატესტო ვერსია, ხოლო კენჭისყრის დღეს გამოყენებული ბიულეტენის ხარისხი იქნებოდა განსხვავებული, რაც უზრუნველყოფდა ფარულობის დაცვას“.
„თუმცა, ეს პირობა ვერ შესრულდა“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის გამო ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარებული ყველა უბნის (2 263 უბანი) შედეგების ბათილად ცნობას ითხოვს.
სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ საარჩევნო უბნებიდან გავრცელებულ კადრებში იკვეთება, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ბიულეტენების უკანა მხარეს გაფერადებული წრის კვალი ჩანს.