დომეინები არაა საქართველოში რეგისტრირებული, რაც ართულებს მასალის დაბლოკვას – შსს ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტრო არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალის გარკვეულ ინტერნეტგვერდებზე ხელმისაწვდომობის საკითხს ეხმაურება.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტში ამბობენ, ამ საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე არასრულწლოვანთა გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული მასალის დამზადება მიმდინარეობდა გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ხოლო შემდგომი რეალიზაცია ხდებოდა ინტერნეტის საშუალებებით, რამაც ხელი შეუწყო დიდი მოცულობის ფოტო-ვიდეომასალის გავრცელებასა და ბავშვთა პორნოგრაფიის მომხმარებელთა ხელში მოხვედრას.

„აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ არასრულწლოვანთა გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული მასალის მომხმარებელი თავადაც ახდენს მსგავსი შინაარსის ფოტო-ვიდეომასალის რეალიზაციას და სწორედ ამან განაპირობა მათი გავრცელება საეჭვო რეპუტაციის ვებგვერდებზე.

რაც შეეხება იმ ვებგვერდებს, რომელზეც დღესდღეობით, სავარაუდოდ, განთავსებულია საქართველოს მოქალაქე არასრულწლოვნების ფოტოები, მათი დომეინები არ არის საქართველოში რეგისტრირებული, რაც საკმაოდ ართულებს აღნიშნული მასალის დაბლოკვის შესაძლებლობას.

მოცემულ შემთხვევაშიც მასალა, რომელიც ტელევიზიაში გასულ სიუჟეტში იქნა ნაჩვენები, ატვირთული იყო უცხოურ ვებგვერდზე, რომელიც, სავარაუდოდ, გაიყიდა გამოძიების დაწყებამდე ან/და მსვლელობისას. ერთმნიშვნელოვნად გვინდა, აღვნიშნოთ, რომ მასალა ხელმისაწვდომი არ გამხდარა სისხლის სამართლის საქმიდან და შესაბამის ვებგვერდებზე არ ატვირთულა საქართველოს ტერიტორიაზ“, – ამბობენ უწყებაში.

შსს-ს ინფორმაციით, „აღნიშნული სირთულეების მიუხედავად, საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის ფარგლებში, მუდმივად ხორციელდება უცხოური სამართალდამცავი ორგანოების ინფორმირება ზემოხსენებულ საკითხებთან დაკავშირებით, რითაც მაქსიმალურად ვცდილობთ მსგავსი ფაქტების აღკვეთასა და პრევენციას“.