როცა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ეკითხებიან – არის თუ არა ის რასისტი – ამის საპირისპიროდ მან უკვე რამდენჯერმე უპასუხა, რომ: „ის არის ყველაზე ნაკლებად რასისტი ადამიანი, რომელიც ოდესმე გინახავთ“. ასე იწყება გამოცემა Vox-ის სტატია, რომელიც საზოგადოებას ახსენებს ამერიკის შეერთებული შტატების პირველი პირის რასისტულ გამონათქვამებს.
გთავაზობთ Vox-ის სტატიის თარგმანს:
ტრამპის რეალური ჩანაწერები სხვა რამეზე მიუთითებს. საარჩევნო კამპანიის განმავლობაში ტრამპი ღია და შეუწყნარებელი განცხადებებით გამოირჩეოდა. ის მექსიკელ ემიგრანტებს მკვლელებსა და მოძალადეებს უწოდებდა. ასევე მას ჰქონდა ინიციატივა, რომ ქვეყანაში აკრძალულიყო მუსლიმების შესვლა. ასევე, მისი შეთავაზებაა, რომ მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო უნდა მოიხსნას მოსამართლე, რომ მას მექსიკელი წინაპრები ჰყავდა.
ეს ტენდენცია მისი პრეზიდენტობის შემდეგაც გაგრძელდა – დაწყებული შავკანიანი რეპორტიორის სტერეოტიპული შეფასებით და გაგრძელებული შარლოსტსვილში თეთრკანიანი ულტრამემარჯვენეების მსვლელობისადმი სიმპათიის გამომჟღავნებით. მან ასევე ინდიელთა სპეციალურ რეზერვაციებში იძულებით გადაყვანაზე ძველმოდურურად იხუმრა. 2016 წელს მისი პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ტრამპს რასისტული ქმედებები და განცხადებები არ შეუწყვეტია.
პანდემიის დროს კი, დონალდ ტრამპმა Covid 19-ს ჩინური ვირუსი და Kung flu (კუნგ ფლუ) უწოდა.
► 1970 წელს New York Times-მა გამოაქვეყნა სტატია, სადაც ნათქვამი იყო, რომ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა მას ბრალი წარუდგინა რასობრივ დისკრიმინაციაში. მისი განცხადებების ისტორია მნიშვნელოვანია, რადგან, თუ შევაჯერებთ ყველა მის განცხადებასა და მოქმედებას, ნათელი ხდება, რომ ეს არ არის მისი მხრიდან პოლიტიკური უპრინციპობა, არამედ ეს მისი პიროვნულობის, ხასიათისა და კარიერის ნაწილია.
► 1973 წელი: ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტმა ტრამპის კორპორაციას fair housing act-ის დარღვევისთვის უჩივლა, რომელიც გულისხმობს უძრავი ქონების გაყიდვა-გაქირავებისას რასობრივი ან რელიგიური დისკრიმინაციის აკრძალვას. ფედერალური თანამდებობის პირებმა იპოვეს მტკიცებულება, რომ ტრამპმა უარი უთხრა შავკანიან მოიჯარეებს ქირავნობაზე, მოატყუა შავკანიანი განმცხადებლები. ტრამპმა თქვა, რომ ფედერალური მთავრობა ცდილობდა, ეიძულებინა ის, მიექირავებინა აპარტამენტები სახელმწიფო შემწეობის მიმღებ პირებზე. შემდგომ პერიოდში, 1975 წელს მან ხელი მოაწერა ხელშეკრულებას, რომლითაც ეთანხმებოდა დისკრიმინაციის აკრძალვას მოიჯარეების მიმართ კანის ფერის გამო, ისე, რომ მას არ უღიარებია წარსულში მის მიერ ჩადენილი დისკრიმინაციული ქცევა.
► 1980-იანი წლები: კიპ ბრაუნი, რომელიც ტრამპის სასახლეში მუშაობდა, მას დისკრიმინაციაში ადანაშაულებდა. „როცა დონალდი და ივანა ტრამპები კაზინოში მივიდნენ, მათ ბრძანება გასცეს, რომ შავკანიანები გაეყვანათ, ეს ხდებოდა 80-იანებში. მე ვიყავი თინეიჯერი, მაგრამ მახსოვს, რომ ჩვენ უკანა ნაწილში გადაგვიყვანეს.
► 1988 წელს ლეჰაის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას დონალდ ტრამპმა დიდი დრო დაუთმო სხვადასხვა ქვეყნის დადანაშაულებას, მათ შორის იაპონიას. მისი თქმით, ისინი „ამერიკის ეკონომიკას ღირსებას ხდიან“. მსგავსი გამოსვლები მას ჰქონდა ჩინეთთან მიმართებაშიც.
► 1989 წელი: ტრამპი ითხოვდა სიკვდილის დასჯის აღდგენას, მაშინ, როცა 4 შავკანიან თინეიჯერსა და ერთ ლათინო-ამერიკელ ახალგაზრდას, რომლებიც ცნობილი „ცენტრალპარკის ხუთეულის“ სახელით, ბრალი ედებოდათ ახალგაზრდა ქალის გაუპატიურებასა და მკვლელობაში. თინეიჯერებმა საპატიმროში 7-13 წლამდე გაატარეს. „ხუთეული“ ხელახალი გამოძიების შემდეგ გაამართლეს და ყველა ბრალდება მოუხსნეს. ხელისუფლებამ მათ კომპენსაციის სახით 41 მლნ ლარი გადაუხადა. 2016 წლის ოქტომბერში დონალდ ტრამპმა თქვა, რომ მას მაინც სჯეროდა, რომ ისინი დამნაშავეები იყვნენ, მიუხედავად იმისა, რომ დნმ-ის მტკიცებულებები სხვა რამეს ადასტურებდა.
ჯონ ო’დონელი, რომელიც ატლანტაში სასტუმრო ტრამპ პალაზასა და კაზინოს ყოფილი პრეზიდენტი იყო, თავის წიგნში იმეორებს ტრაპმის სიტყვებს, რომლებიც მის შავკანიან ბუღალტერს ეხება: „შავები ითვლიან ჩემს ფულს! მძულს ეს. ერთადერთი ვინც მინდა, რომ ჩემი ფული ითვალოს, არიან დაბალი ტიპები, ვისაც კიპა (ებრაელები) ახურავს ყოველდღე… ვფიქრობ, ის ტიპი ზარმაცია და ალბათ, ეს მისი ბრალი არაა, რადგან სიზარმაცე შავების მახასიათებელია. ნამდვილად ასეა, მჯერა. ამის კონტროლი არ შეუძლიათ“.
ტრამპმა მოგვიანებით, 1997 წელს „ფლეიბოისთან“ ინტერვიუში თქვა: „რაც ო’ დონელმა ჩემ შესახებ დაწერა, ალბათ მართალია”.
ერთ-ერთ ამერიკულ რეალითი შოუში, სადაც კონკურსანტების ბიზნეს უნარ-ჩვევებს ამოწმებენ, დონალდ ტრამპმა შავკანიანი კონკურსანტი კევინ ალენი შოუდან გაუშვა და უთხრა: „თქვენ წარმოუდგენლად ნიჭიერი ხართ, განათლების ნაწილში, მაგრამ არაფერი გააკეთეთ. რაღაც ეტაპზე უნდა თქვათ, რომ საკმარისია და უნდა გაჩერდეთ“.
► 2010 წელს ის მეჩეთის მშენებლობის წინააღმდეგ გამოვიდა. მუსლიმები მსოფლიო სავაჭრო ცენტრის სიახლოვეს, სადაც 2001 წლის 11 სექტემბერს ტერორისტული აქტი განხორციელდა, სათემო ცენტრის მშენებლობას გეგმავდნენ.
► ტრამპმა დიდი როლი ითამაშა ამერიკის პირველი შავკანიანი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას წინააღმდეგ წამოწყებულ კამპანიაში. ტრამპი ობამას ჭორებს უვრცელებდა, რომ ის არ დაბადებულა აშშ-ში. მან ამ ამბის გამოსაკვლევად ჰავაიში გამოსაძიებაც დაიწყო.
► 2015 წელს დონალდ ტრამპმა დაიწყო გამოსვლები მექსიკელი ემიგრანტების წინააღმდეგ. ის ამბობდა, რომ „ისინი არიან მოძალადეები, მათ ქვეყანაში შემოაქვთ დანაშაული და შემოაქვთ ნარკოტიკები“. წინასაარჩევნოდ მექსიკის საზღვარზე კედლის აგება იყო ერთ-ერთი უმთავრესი დაპირება, რომ ემიგრანტებს ქვეყანაში ვერ შემოეღწიათ.
2015 წელს, როგორც საპრეზიდენტო კანდიდატი, ის მოუწოდებდა ხელისუფლებას, რომ ქვეყანაში აკრძალულიყო მუსლიმების შემოსვლა.
► 2016 წელს დებატებისას მას ჰკითხეს. 1.6 მილიარდ მუსლიმს სძულდა თუ არა აშშ, რაზეც მან ასე უპასუხა: „მე ვგულისხმობ, რომ ბევრ მათგანს [სძულს]“.
დონალდ ტრამპმა დემოკრატ სენატორს მასაჩუსეტიდან ელიზაბეტ უორენს რამდენჯერმე უწოდა პოკაჰონტასი და მისი ამერიკული წარმომავლობის დასამტკიცებლად DNM-ის ტესტის ჩატარებისკენ მოუწოდა.
2016 წელს მან შავკანიან ამომრჩევლებს ასე მიმართა: „თქვენ ცხოვრობთ სიღარიბეში, თქვენი სკოლები არ არის კარგი, თქვენი ახალგაზრდების 58% უმუშევარია. გაქვთ დასაკარგი?“