ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მხარი დაუჭირა აშშ-ის დედაქალაქში 24 იანვრამდე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას.
საგანგებო მდგომარეობა არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაციის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად შემოიღეს. აშშ-ში შიშობენ, რომ ტრამპის მხარდამჭერებმა 20 იანვრისთვის დაგეგმილი ინაუგურაციის დროს შესაძლოა, არეულობის მოწყობა სცადონ.
ტრამპის მომხრეებმა 6 იანვარს, როცა ჯო ბაიდენის პრეზიდენტად არჩევას კონგრესის გაერთიანებული სხდომა ამტკიცებდა, კაპიტოლ ჰილთან საპროტესტო აქცია გამართეს, შემდეგ კი კონგრესშიც შეიჭრნენ, რათა ბაიდენის პრეზიდენტად არჩევა არ დაემტკიცებინათ. სხდომა შეწყდა, თუმცა მოგვიანებით ჯო ბაიდენის პრეზიდენტად არჩევა კონგრესმა მაინც დაამტკიცა.
კაპიტოლ ჰილზე მომხდარი არეულობას 1 პოლიციელი და აქციის 4 მონაწილე ემსხვერპლა. მათგან ერთ-ერთ ქალს სამართალდამცველმა მაშინ ესროლა, როდესაც კონგრესის შენობაში სხვებთან ერთად შეიჭრა.
„დემოკრატები“ დონალდ ტრამპს არეულობის წაქეზებაში ადანაშაულებენ და მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტობის სულ რამდენიმე დღე დარჩა, მისი ვადაზე ადრე გადაყენება სურთ, იმპიჩმენტის გზით.