დონალდ ტუსკის თქმით, პოლონეთი NATO-ს მე-4 მუხლის ამოქმედებას გეგმავს

პუბლიკა

დონალდ ტუსკის თქმით, პოლონეთი NATO-ს მე-4 მუხლის ამოქმედებას გეგმავს და აპირებს ალიანსთან კონსულტაციების გამართვას.

მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილება პრეზიდენტ კაროლ ნავროცკისთან შეათანხმა.

NATO-ს  წესდების მეოთხე მუხლი გულისხმობს: „მოკავშირეები ერთობლივ კონსულტაციებს გამართავენ, როდესაც, რომელიმე მათგანის მოსაზრებით, NATO-ს ერთ-ერთი წევრის ტერიტორიულ მთლიანობას, პოლიტიკურ დამოუკიდებლობას ან უსაფრთხოებას საფრთხე დაემუქრება.“

პოლონეთის არმიის ოპერატიულმა სარდლობამ ოფიციალურად დაადასტურა ქვეყნის საჰაერო სივრცეში შეჭრილი დრონების ჩამოგდება და პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევას „აგრესიის აქტი“ უწოდა.

„უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის დღევანდელი შეტევის შედეგად მოხდა პოლონეთის საჰაერო სივრცის უპრეცედენტო მასშტაბის დარღვევა დრონის ტიპის ობიექტებით. ეს არის აგრესიის აქტი, რომელმაც რეალური საფრთხე შეუქმნა ჩვენს მოქალაქეებს“, – ნათქვამია პოლონეთის არმიის ოპერატიული სარდლობის მიერ დღეს, 10 სექტემბერს დილით გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საჰაერო სივრცეში შეჭრილ დრონებს პოლონეთის და მოკავშირეების რადიოლოკაციური საშუალებებით აკვირდებოდნენ, მათი ნაწილი ჩამოაგდეს და მიმდინარეობს ამ ობიექტების ჩამოვარდნის ადგილების ძებნა და ლოკალიზაცია.

„მრავალი დრონი შევიდა პოლონეთის საჰაერო სივრცეში ღამის განმავლობაში და მათ პოლონეთის და NATO-ს საჰაერო თავდაცვის ძალები დახვდნენ. NATO-ს გენერალური მდივანი კავშირზეა პოლონეთის ხელმძღვანელობასთან და ნატო მჭიდრო კონსულტაციებს აწარმოებს პოლონეთთან“, – ამის შესახებ NATO-ს პრესსპიკერი, ელისონ ჰართი X-ზე წერს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც დრონებით შეჭრის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, დაიხურა ვარშავის დედაქალაქში მდებარე ორი აეროპორტი, შოპენისა და ვარშავის მოდლინის აეროპორტები; ასევე ჟეშოვ-იასიონკას  და ლუბლინის აეროპორტები.

რამდენიმე საათის შემდგომ ლუბლინის აეროპორტის გარდა სამივე აეროპორტმა მუშაობა ჩვეულ რეჟიმში განაახლა.