დონეცკის და ლუჰანსკის თვითაღიარებულმა ხელისუფლებმა „უკრაინული აგრესიის“ მოგერიება პუტინს სთხოვეს

პუბლიკა

დონეცკის და ლუჰანსკის თვითაღიარებული ხელისუფლებების ხელმძღვანელებმა, დენის პუშლინმა და ლეონიდ პასეჩნიკმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს მიმართეს თხოვნით, დაეხმარონ „უკრაინის შეიარაღებული ძალების აგრესიის მოგერიებაში“, რათა თავიდან იქნას აცილებული სამოქალაქო მსხვერპლი და ჰუმანიტარული კატასტროფა დონბასში.

ამის შესახებ ოფიციალურ წერილებს გამოცემა ТАСС ტელეგრამზე ავრცელებს. 

როგორც წერილიდან ირკვევა, ლუჰანსკის ლიდერი მიმართავს პუტინს, რომ უკრაინის თავდასხმების გამო 51 000-ზე მეტმა ადამიანმა უკვე დატოვა რესპუბლიკა, რომელთაგან ნახევარი ბავშვები იყვნენ.

როგორც წერილში თვითაღიარებული ხელისუფლების წარმომადგენელი ამტკიცებს, „უკრაინის აგრესიის სამიზნე გახდა სამოქალაქო და ინდუსტრიული ინფრასტრუქტურა, მათ შორის, საავადმყოფოები, სკოლები და საბავშვო ბაღები“.

ხოლო დონეცკის ლიდერი მიუთითებს, რომ 40 000-ზე მეტმა მოქალაქემ დატოვა ქვეყანა და ევაკუაცია გრძელდება. მისივე თქმით, ომმა უკვე 5000 მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე იმსხვერპლა, რომელთაგან 91 ბავშვი იყო.