დონეცკისა და ლუჰანსკის ე.წ. რესპუბლიკების ლიდერებმა პუტინს აღიარების თხოვნით მიმართეს

პუბლიკა

რუსული მედიის ინფორმაციით, პრორუსმა სეპარატისტებმა, დონეცკისა და ლუჰანსკის, ე.წ. სახალხო რესპუბლიკების ლიდერებმა ვლადიმერ პუტინს აღიარების თხოვნით მიმართეს. დენის პუშილინისა და ლეონიდ პასეჩნიკის მიმართვა რუსეთის პრეზიდენტისადმი რუსულმა ტელეარხმა Россия 24-მა გადასცა.

თვითაღიარებული რესპუბლიკების ლიდერებმა პუტინს ასევე სთხოვეს, რომ აღიარებასთან ერთად რუსეთმა ამ ორ რესპუბლიკასთან გააფორმოს თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება და გახდნენ მოკავშირეები, მათ შორის, თავდაცვის სფეროში.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დონეცკისა და ლუჰანსკის, ე.წ. სახალხო რესპუბლიკების აღიარების შესახებ ცოტა ხნის წინ უშიშროების საბჭოს სხდომაც გამართა.

ვლადიმერ პუტინს ხელთ აქვს რუსეთის დუმის მიერ მხარდაჭერილი აღიარების თხოვნა და ახლა მასზეა დამოკიდებული, აღიარებს თუ არა უკრაინის იმ ორი რეგიონის დამოუკიდებლობას, რომლებსაც სეპარატისტები რუსული ჯარის დახმარებით აკონტროლებენ.