„დემოკრატიის კვლევის ცენტრი“ აცხადებს, რომ 19 ნოემბერს, გამთენიისას, შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარედ, „გამოიყენა აბსოლუტურად არაპროპორციული ძალა მშვიდობიანი შეკრების დასაშლელად“.
ორგანიზაციის შეფასებით, „საგანგაშოა ისიც, რომ დაკავებულების ადვოკატებს არ აძლევენ დაკავებული პირების მონახულების შესაძლებლობას“. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აქციაზე 16 პირი დააკავეს, სამი მათგანი ხელწერილით გათავისუფლდა.
„გავრცელებული კადრებით ნათლად ჩანს, რომ საპოლიციო ძალების წარმომადგენლების რაოდენობა რამდენჯერმე აღემატებოდა არაძალადობრივი აქციის მშვიდობიანი შეკრების მონაწილეების რაოდენობას და არც ერთ შემთხვევაში არ არსებობდა ფიზიკური ძალის გამოყენების საჭიროება.
მიუხედავადა იმისა, რომ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში პოლიციას აქვს უფლება გამოიყენოს ძალა აქციის დასაშლელად, აღნიშნული ვრცელდება მხოლოდ იმ ტიპის აქციებზე, რომლებიც თავისი არსით ძალადობრივია. 19 ნოემბერს გამთენიისას, უნივერსიტეტის პირველი კორპუსის წინ და ჭავჭავაძის გამზირზე პოლიციის ქმედებას უკანონოდ აქცევს რამდენიმე გარემოება:
1. შეკრების მშვიდობიანი ხასიათი და მისი მონაწილეების ხაზგასმით მშვიდობიანი ქცევა;
2. საპოლიციო ძალების არაპროპორციულად მაღალი რაოდენობა და გამოყენებული ფიზიკური ძალის სიხისტე;
3. სახელმწიფო და ადგილობრივი ორგანოების მხრიდან ორი დღის განმავლობაში მიმდინარე იგივე აქციის მიმართ რაიმე ტიპის გაფრთხილების არარსებობა“, – წერს ორგანიზაცია.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ აქციაზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს „მთავარი არხის“ ჟურნალისტს და ოპერატორს.
„გავრცელებულ კადრებში ნათლად ჩანს, რომ საპატრულო პოლიციის რამდენიმე ათეული თანამშრომელი ოპერატორს ხელს უშლის პროფესიული მოვალეობის შესრულებაში და ფიზიკური შეურაცხყოფას აყენებს“, – წერია განცხადებაში.
„დემოკრატიის კვლევის ცენტრი“ მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს:
„დაბრუნდეს კანონის ჩარჩოებში;
ხელი არ შეუშალოს აქციის მონაწილეებს პროტესტის მშვიდობიანად გამოხატვაში;
მისცეს მედიას და ადვოკატებს პროფესიული მოვალეობის შესრულების შესაძლებლობა. მნიშვნელოვანია, მომავალში დადგეს აქციის დაშლის უკანონო ბრძანების გამცემი პირის პასუხისმგებლობა“.