„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ (DRI) განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ 24 სექტემბერს ანტიკორუფციული ბიუროსგან მიიღეს წერილი და ბიურო ორგანიზაციისგან სამი სამუშაო დღის ვადაში მოითხოვს 2025 წლის 16 აპრილიდან დღემდე პერიოდში განხორციელებულ/მიმდინარე საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა კატეგორიის ინფორმაციას, კონკრეტულ მუხლებზე მითითებისა და შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე.
DRI აცხადებს, რომ გამოთხოვილი ინფორმაცია შინაარსობრივი თვალსაზრისით სცდება „გრანტების შესახებ“ კანონს და ორგანიზაცია არ წარმოადგენს ადრესატს, რადგან „ორგანიზაციას არ დაუდია ახალი საგრანტო ხელშეკრულება და არც ცვლილებები განუხორციელებია საგრანტო ხელშეკრულებაში“.
„ა(ა)იპ დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა 24 სექტემბერს ივანიშვილ-კუპრაშვილის ანტიკორუფციული ბიუროსგან მიიღო წერილი, რომლის მიხედვითაც, მიმდინარეობს წარმოება დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის საქმიანობის ,,გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონთან შესაბამისობის დადგენასთან დაკავშირებით.
ამ მიზნით, ბიურო ორგანიზაციისგან სამი სამუშაო დღის ვადაში ითხოვს 2025 წლის 16 აპრილიდან დღემდე პერიოდში განხორციელებულ/მიმდინარე საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა კატეგორიის ინფორმაციას, კონკრეტულ მუხლებზე მითითებისა და შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე.
ორგანიზაცია ანტიკორუფციული ბიუროს წერილობით განუმარტავს, რომ გამოთხოვილი ინფორმაცია შინაარსობრივი თვალსაზრისით სცდება ,,გრანტების შესახებ“ კანონს. ამასთან, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი არ წარმოადგენს ,,გრანტების შესახებ“ კანონში განხორციელებული რეპრესიული ცვლილებების ადრესატს, რადგან ორგანიზაციას არ დაუდია ახალი საგრანტო ხელშეკრულება და არც ცვლილებები განუხორციელებია საგრანტო ხელშეკრულებაში.
ივანიშვილ-კუპრაშვილის ბიუროსგან იდენტური წერილი (სხვა რეპრესიულ მექანიზმებთან ერთად) ამ დრომდე სხვა არაერთ ადამიანის უფლებებზე მომუშავე სამოქალაქო ორგანიზაციას გაეგზავნა, რაც მათ დისკრედიტაციასა და გაჩერებას ისახავს მიზნად“, – ნათქვამია განცხადებაში.
22 სექტემბერს არასამთავრობო ორგანიზაციებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც ნათქვამია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ რაჟდენ კუპრაშვილის ანტიკორუფციული ბიუროს ხელით, დაიწყო სამოქალაქო საზოგადოების შემზღუდველი კანონების რეპრესიული აღსრულების ახალი ეტაპი 30-მდე ქართული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის წინააღმდეგ.
NGO-ების ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ 17 სექტემბერს გამოსცა ბრძანება 9 ორგანიზაციასთან მიმართებით. სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა რაჟდენ კუპრაშვილის უწყების შუამდგომლობა და ორგანიზაციები დაავალდებულა ბიუროს მიაწოდონ საქმიანობასთან დაკავშირებული მოცულობითი ინფორმაცია.
ორგანიზაციების შეფასებით, ანტიკორუფციული ბიუროს ქმედებები წარმოადგენს სამოქალაქო ორგანიზაციების დევნისა და ზეწოლის ერთიანი პროცესის ნაწილს.
ამავე დღეს განცხადება გაავრცელა „კავკასიურმა სახლმაც“. მათი თქმით, ანტიკორუფციული ბიუროდან წერილი მიიღეს და ბიურო მათგან მოითხოვს „კავკასიურ სახლსა“ და დონორ ორგანიზაციებს შორის გაფორმებული კონტრაქტების, აღნიშნული კონტრაქტების ეგიდით მომზადებული შრომის ხელშეკრულებებისა და შესყიდვების ამსახველი დოკუმენტაციის წარდგენას.