DRI: ლაზარეს საქმესთან დაკავშირებით ირღვევა საქმის სამართლიანად განხილვის უფლება

პუბლიკა

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი” (DRI) განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის საქმესთან დაკავშირებით ირღვევა საქმის სამართლიანად განხილვის უფლება.

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ლაზარე გრიგორიდისის მიმართ მიმდინარე სამართალწარმოებას, სავარაუდოდ, პოლიტიკური ხასიათი აქვს.

„ამ მოსაზრებას ამყარებს ის გარემოება, რომ პროკურატურამ ლაზარე გრიგორიადისის წინააღმდეგ 2021 წელს აღძრული საქმე (ოჯახის  წევრის  მიმართ  ძალადობრივი  ქმედების  განხორციელება და  სხვისი  ნივთის  დაზიანება) მაშინ „გააცოცხლა“, როდესაც  მარტის  აქციებთან დაკავშირებულ სისხლის  სამართლის საქმეზე წინასწარი პატიმრობის კანონმდებლობით განსაზღვრული ცხრათვიანი ვადა იწურებოდა. უფრო მეტიც, მიუხედავად ალტერნატიული სასჯელების არსებობისა, პროკურატურამ სასჯელის ყველაზე მკაცრი ზომა – თავისუფლების  აღკვეთა მოითხოვა, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა.

პროკურატურის მიერ ძველი საქმის „გაცოცხლება“ და სასამართლოს გადაწყვეტილება კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ლაზარე გრიგორიადისის მიმართ სამართლიანი სასამართლოს უფლების დაცვას.

საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეზე „საქართველოს  მოქალაქე  გიორგი  უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ აღნიშნა, რომ კონსტიტუცია დაუშვებლად მიიჩნევს წინასწარი პატიმრობის 9-თვიანი ვადით მანიპულირებას,  აღნიშნული  ვადის  ხელოვნურად  გაგრძელებას  სხვადასხვა  ფორმალურად  კანონიერი  მეთოდებითა  და  საფუძვლებით, რადგან პატიმრობის ვადის ხელოვნურად გაგრძელება წინააღმდეგობაში  მოდის  იმ  სიკეთესთან,  რის დაცვასაც  ადამიანის უფლებათა   და  ძირითად  თავისუფლებათა   დაცვის კონვენციით განსაზღვრული საქმის სამართლიანად განხილვის უფლება ითვალისწინებს”, – ნათქვამია განცხადებაში.


დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის დასკვნითი სასამართლო სხდომა გაიმართება.

დასკვნითი პროცესი,  რომელიც  26  თებერვალს უნდა  გამართულიყო,  მოსამართლის  შვებულებაში გასვლის გამო,  28 მარტისთვის გადაიდო. პროცესზე ლაზარე გრიგორიადისიმ დისტანციურად ჩართვის შუამდგომლობა დააყენა, რასაც მოსამართლის უარი და პროცესის გადადება მოჰყვა.