DRI მოუწოდებს საერთაშორისო ორგანიზაციებს თვალი მიადევნონ ცხინვალში ქელეხსაევას საქმეს

პუბლიკა

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ (DRI) განცხადებით, დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ამჟამად სასამართლოში მიმდინარეობს „ცილისწამების საქმე“ ჟურნლისტ ირინა ქელეხსაევას წინააღმდეგ. მათი თქმით, რაც იმას აჩვენებს, რომ დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან  ადგილობრივ ჟურნალისტებსა და სამოქალაქო აქტივისტებზე ზეწოლა გრძელდება.

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ მიმართავს საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომ თვალყური მიადევნონ ირინა ქელეხსაევას საქმეს, ვინაიდან ის „თავისი რეალური მოტივით“, შესაძლოა ახალგორელი აქტივისტის თამარ მეარაყიშვილის საქმის მსგავსი იყოს, რომელიც ორგანიზაციის განცხადებით, კრიტიკული მოსაზრებების გავრცელების გამო იდევნება.

DRI-ის ინფორმაციით, ქელეხსაევა „ეხო კავკაზ-ის“ ფრილანსერია და ჟურნალისტს სწორედ „ეხო კავკაზზე“ გამოქვეყნებული მასალის გამო ედავებიან.

არასამთავრობო ორგანიზაციის მიხედვით, 2019 წლის შემოდგომაზე, ცხინვალის ციხეში პატიმრებმა არაადამიანურ მოპყრობაზე დაიჩივლეს. მართალია, ე.წ. პარლამენტის დეპუტატების ჩარევის შემდეგ, ციხეში პირობები გაუმჯობესდა, მაგრამ მედიით გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, საჩივრის დამწერ ექვს ადამიანს ციხეში სასტიკად სცემეს.

2019 წლის 22 ნოემბერს „ეხო კავკაზ-ის” გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში, ქელეხსაევამ დაწერა, რომ ცემას იუსტიციის მინისტრიც ესწრებოდა, მინისტრის გვარის მითითების გარეშე.

საპასუხოდ, ლალიევამ სასამართლოში შეიტანა სარჩელი, რომლითაც ჟურნალისტის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა მოითხოვა. გარდა ამისა, დე ფაქტო იუსტიციის მინისტრი ქელეხსაევასგან „ცილისწამების“ გამო 500 000 რუსული რუბლის გადახდას მოითხოვს.

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ მოსაზრებით, ქელეხსაევას წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიება შესაძლოა, „ეხო კავკაზ-ს“ უკავშირდებოდეს, რომელიც DRI-ის შეფასებით, რეგიონში ობიექტური ინფორმაციის გავრცელების ძირითადი წყაროა.

„ირინა ქელეხსაევა გასულ წელს, ადგილობრივი რადიოდან დე ფაქტო ხელისუფლების კრიტიკის გამო გაათავისუფლეს. მაშინ საქმე ეხებოდა ანატოლი ბიბილოვის და ერთ-ერთი ბიზნესმენის დაპირისპირებას, რაზეც ქელეხსაევამ ღიად ისაუბრა. ამის შემდეგ

ამის შემდეგ მის მიმართ მუქარებმა იმატა. არსებობს ინფორმაციაც, რომ რამდენიმე ადამიანი შეესწრო, როგორ ემუქრებოდნენ ჟურნალისტს სიცოცხლის მოსპობით“, – წერს DRI.