ორგანიზაცია „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის” ინფორმაციით, რუსული სამხედრო საზღვაო ფლოტის გამართული ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად, ოკუპირებული აფხაზეთის სოფელ ფიჩორთან, ანაკლიიდან 4 კილომეტრში, მასშტაბური მოსამზადებელი სამუშაოები უკვე სამი კვირაა დაწყებულია. სოფელი ფიჩორი გალის რაიონის დაბალ ზონაში მდებარეობს.
„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის” შეფასებით, საქართველოს ხელისუფლების რეაგირება საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ოთხ კილომეტრში რუსული სამხედრო საზღვაო ბაზის განთავსებასთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე არასაკმარისი და შესაბამისად, არაეფექტიანია.
„მოსალოდნელი საფრთხის მასშტაბის გათვალისწინებით, ხელისუფლების მიერ ამ დრომდე მხოლოდ შიდა მოხმარებისთვის დეკლარირებული პროტესტი არასაკმარისი და არაეფექტიანია“. – ნათქვამია განცხადებაში.
DRI-ის ინფორმაციით, აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ოჩამჩირეში რუსეთის მუდმივი საზღვაო ბაზის განთავსების შესახებ შეთანხმებას ხელი უკვე მოეწერა. მისი განცხადებით, სამხედრო-საზღვაო ფლოტის განთავსება მიმართულია რუსეთისა და აფხაზეთის თავდაცვისუნარიანობის გაზრდისკენ და ემსახურება მათი უსაფრთხოების ფუნდამენტურ ინტერესებს.
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ადგილობრივი საკონტაქტო პირების განცხადებით:
-
რუსი სამხედროები, ადგილობრივებთან საუბრისას აცხადებენ, რომ ფიჩორს ექნება ოჩამჩირის დიდი სამხედრო საზღვაო ბაზის დამხმარე ფუნქცია;
-
სამხედრო ბაზის მშენებლობა დაწყებულია;
-
რუსები, მიმდინარე პერიოდში, აქტიურად ატარებენ წვრთნებს, რა დროსაც გამოყენებული იყო დრონების შეტევის იმიტაცია ოჩამჩირის სამხედრო პორტზე;
-
ოჩამჩირის მოსახლეობის განცხადებით, ადგილზე აქტიურად მიმდინარეობს რადიოელექტრონული ბრძოლის სისტემების განთავსების პროცესი, რაც, სავარაუდოდ, უკრაინული დრონებისა და რაკეტების წინააღმდეგ იქნება გამოყენებული.
DRI საუბრობს ვოლოდიმირ ზელენსკის 2023 წლის 24 ოქტომბერს გაკეთებულ განცხადებაზე:
„უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 2023 წლის 24 ოქტომბერს გამოეხმაურა ცნობას ოჩამჩირეში რუსული სამხედრო საზღვაო ბაზის განთავსების შესახებ და აღნიშნა, რომ უკრაინა თავს არ შეიკავებს აფხაზეთში რუსეთის სამხედრო გემებზე თავდასხმისგან: „ცოტა ხნის წინ, რუსეთის ხელმძღვანელი იძულებული გახდა, შავი ზღვის ფლოტის, უფრო სწორად, მისი ნარჩენების ახალი ბაზის შექმნა გამოეცხადებინა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ანუ ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, უკრაინული რაკეტებისა და საზღვაო დრონებისგან რაც შეიძლება შორს, მაგრამ მათ ყველგან მივწვდებით“, – ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაში საუბარია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ოპოზიციის შეფასებებზეც:
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეშფოთება გამოთქვა „სოხუმში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის განცხადებებთან დაკავშირებით საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის დამატებითი სამხედრო ბაზის განლაგების შესახებ“ და აღნიშნა, რომ „მსგავსი ქმედებები წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის უხეშ დარღვევას და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციის ლეგიტიმაციისაკენ მიმართულ მორიგ პროვოკაციულ მცდელობას“.
საპარლამენტო ოპოზიციამ ოჩამჩირეში რუსული საზღვაო ბაზის წინააღმდეგ პარლამენტისგან რეზოლუციის მიღება მოითხოვა“, – ნათქვამია განცხადებაში.
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის შეფასებით, ოჩამჩირეში რუსეთის საზღვაო სამხედრო ფლოტის განთავსება ფუნდამენტურ საფრთხეს უქმნის საქართველოსა და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებას.
DRI-ის შეფასებით, იმ მოცემულობაში, როდესაც მტრული სახელმწიფო საერთაშორისო სამართლის უგულებელყოფით ცდილობს საქართველოს ტერიტორიაზე სამხედრო საზღვაო ბაზის განთავსებას, საქართველოს ხელისუფლებამ, სულ მცირე, შემდეგი ნაბიჯები უნდა გადადგას:
- საქართველოს პარლამენტმა დაუყოვნებლივ მიიღოს საპარლამენტო ოპოზიციის წევრების მიერ ინიციირებული რეზოლუცია „რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში, საქართველო, რუსეთის მუდმივმოქმედი სამხედრო საზღვაო ბაზის გახსნის გადაწყვეტილების შესახებ“;
- საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა და საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ მოსახლეობას დაუყოვნებლივ მიაწოდონ ინფორმაცია რუსეთის სამხედრო საზღვაო ბაზის განთავსებიდან მომდინარე შესაძლო საფრთხეების შესახებ;
- საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაუყოვნებლივ უზრუნველყოს საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების მობილიზაცია საკითხის მნიშვნელობის გარშემო.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ 5 ოქტომბერს ერთ-ერთ რუსულ გამოცემასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთში მუდმივ სამხედრო-საზღვაო ბაზას განათავსებს. ბჟანიას თქმით, რუსული სამხედრო ბაზა, რომელიც ოკუპირებულ ოჩამჩირის რაიონში, მისი განცხადებით, მალე განთავსდება, გააძლიერებს როგორც რუსეთის, ისე აფხაზეთის თავდაცვის შესაძლებლობებს.
უკრაინის დაზვერვამ 24 ოქტომბერს განაცხადა, რომ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ხომალდების ნაწილი ნოვოროსიისკის პორტში გადაიყვანეს. თუმცა, ეს პატარა ადგილია და ყველა გემს ვერ დაიტევს, რის გამოც კრემლმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიის გამოყენება გადაწყვიტა. სკიბიცკის განცხადებით, ახლა ოკუპირებულ ოჩამჩირეში ამ მიმართულებით აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს.