DRI: საჯარო რეესტრმა „კონსერვატიული მოძრაობა“ არ უნდა დაარეგისტრიროს

პუბლიკა

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი აცხადებს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ პოლიტიკური პარტია „კონსერვატიული მოძრაობა“ არ უნდა დაარეგისტრიროს.

მათ არგუმენტად მოჰყავთ საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტი და „პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილი, რომელთა მიხედვით, „დაუშვებელია ისეთი პარტიის შექმნა და საქმიანობა, . . . რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს”.

DRI აცხადებს, რომ მსგავსი შეზღუდვები მოქმედებს ევროპის საბჭოს არაერთ ისეთ ქვეყანაში, რომლებიც ითვალისწინებენ „თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის“ უზრუნველმყოფ მექანიზმებს.

„დემოკრატიის მტრებს არ უნდა მიეცეთ იმის საშუალება, რომ გამოიყენონ დემოკრატიით მინიჭებული უფლებები და თავისუფლებები მისთვის საფრთხის შესაქმნელად.“ უფლებების ბოროტად გამოყენებას კრძალავს ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ არსებული ძირითადი საერთაშორისო დოკუმენტებიც“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI) მიიჩნევს, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს პარტიის სადამფუძნებლო დოკუმენტებში განცხადებულ მიზნებს.

„იმ შემთხვევაში, თუ პარტიამ კანონსაწინააღმდეგო, ძალადობის პროპაგანდის, სოციალური, ეროვნული, რელიგიური ან სოციალური შუღლის გამაღვივებელი დებულებები მარეგისტრირებელ დოკუმენტებში ასახა, საჯარო რეესტრმა „კონსერვატიული მოძრაობა“ არ უნდა დაარეგისტრიროს“, – აცხადებს DRI.


პარლამენტის დეპუტატმა, ფრაქცია „ლელოს“ წევრმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რომ რეგისტრაციის შემთხვევაში შეაგროვებს დანარჩენ 29 დეპუტატს და საკონსტიტუციო სასამართლოსგან პარტიის გაუქმებას მოითხოვს.

ალტ-ინფოს აკრძალვის სამართლებრივ გზებზე საუბრობს ომბუდსმენის მოადგილე გიორგი ბურჯანაძეც.

მისი თქმით, საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, პარტიის აკრძალვა შესაძლებელია საკონსტიტუციო სასამართლოს გზით და ამ პროცესის ინიცირება შეუძლია: პრეზიდენტს, მთავრობას და 30 დეპუტატს.

ძალადობრივი, ჰომოფობიური, ულტრამემარჯვენე ორგანიზაცია „ალტ-ინფოს“ გუნდმა პოლიტიკური პარტია დააფუძნა. პრეზენტაცია 20 ნოემბერს შედგა.