DRI: „სუს-ის უფლებამოსილება მეტისმეტად ფართოა და საგამოძიებო კომპეტენციების დუბლირება იკვეთება“

პუბლიკა

სუს-ის უფლებამოსილებები მეტისმეტად ფართოა და მის საქმიანობაში საგამოძიებო კომპეტენციების დუბლირება იკვეთება“ – დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა კვლევის „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური – კომპეტენციათა დუბლირება და პარალელური საგამოძიებო სისტემები“ პრეზენტაცია გამართა.

კვლევის მიზანი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) საქმიანობასა და მოქმედ კანონმდებლობაში არსებული ხარვეზების გამოვლენა იყო.

DRI მიიჩნევს, რომ ეროვნული უსაფრთხოების დაცვასთან შეუსაბამოა საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის ისეთი ფუნქციები, როგორებიცაა, მაგალითად, კორუფციის თავიდან აცილება.

„მიუხედავად ამისა, როგორც სუს-იდან მიღებული სტატისტიკა გვიჩვენებს, სამსახურში ყველაზე მეტი დატვირთვა სწორედ ანტიკორუფციულ სააგენტოზე მოდის. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2015 წლის 1 აგვისტოდან 2019 წლის 1 ნოემბრამდე დაიწყო გამოძიება 425 სისხლის სამართლის საქმეზე, მათ შორის: 1) კონტრტერორისტულ ცენტრში – 49 სს საქმეზე; 2) ანტიკორუფციულ სააგენტოში – 291 სს საქმეზე; 3) კონტრდაზვერვის დეპარტამენტში – 63 სს საქმეზე; 4) სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტში – 15 სს საქმეზე; 5) სამსახურის გენერალურ ინსპექციაში – 7 სს საქმეზე“, – ნათქვამია კვლევაში.

კვლევაში ასევე განხილულია საგამოძიებო სტრუქტურათა კომპეტენციების დუბლირებისა და პარალელური საგამოძიებო სისტემების მოქმედების საკითხი.

როდესაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გამოავლენს დანაშაულის ნიშნების შემცველ ქმედებას, რიგ შემთხვევებში, ავტომატურად იწყებს გამოძიებას. შესაბამისად, ანალოგიურ საქმეებზე შესაძლოა გამოძიება ერთ შემთხვევაში დაიწყოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, ხოლო სხვა შემთხვევაში, პროკურატურამ ან სხვა საგამოძიებო სტრუქტურამ, იმის მიხედვით, თუ რომელი უწყება გამოავლენს პირველად დანაშაულის შემცველ ქმედებას.

DRI-ის შეფასებით, პარალელური საგამოძიებო სისტემების არსებობა კი არასასურველ კონკურენციას, უფლებამოსილების გადამეტებასა და სახელმწიფოს რესურსების არარაციონალურ გადანაწილებას უწყობს ხელს. „აღნიშნული სამსახურების მიერ უფლებამოსილების გადაჭარბებისა და ადამიანის უფლებების დარღვევის თავიდან აცილებისათვის, მიზანშეწონილია, უსაფრთხოების სამსახურის კომპეტენცია ნათელად და ამომწურავად რეგულირდებოდეს კანონით. შესაბამისად, კონკრეტული მიზნის მისაღწევად მინიჭებული უფლებები, მხოლოდ ამ მიზნით უნდა გამოყენებოდეს“, – წერს ორგანიზაცია.