DRI: თელავის თეატრმა „ალტ-ინფოს“ შეხვედრისთვის სივრცე დაუთმო

პუბლიკა

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ინფორმაციით, თელავის სახელწმიფო თეატრმა თეატრის სივრცე პრორუსულ ძალადობრივ „ალტ-ინფოს“ დაუთმო.

DRI-ს ცნობით, თელავში ალტ ინფომ შეხვედრა 1 ოქტომბერს ჩაატარა. თეატრის ხელმძღვანელმა პაატა გულიაშვილმა On.ge-ს უთხრა, რომ თეატრის სივრცე იჯარით გაიცა, „როგორც ყველა სხვა შემთხვევაში, გადაიხადეს თანხა და ჩაატარეს ღონისძიება”, – თქვა მან.

„თეატრი საჯარო სამართლის იურიდიული პირია და სახელმწიფოსგან ფინანსდება. თეატრის ხელმძღვანელი პაატა გულიაშვილი მოცემულ პოსტს 2012 წლიდან იკავებს. მას 2019 წლიდან დღემდე სახელმწიფოსგან გამარტივებული შესყიდვებით 77,309 ლარი აქვს მიღებული. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში პაატა გულიაშვილი „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ჩატარებულ ღონისძიებებში იღებდა მონაწილეობას.

თელავში ჩატარებულ შეხვედრაზე ღიად პრორუსული ძალის წარმომადგენლებმა „ანტიმაიდნის“ მნიშვნელობაზე და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ისაუბრეს. შოთა მარტინენკომ დაადასტურა, რომ პრორუსული დაჯგუფება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის ემზადება.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის შეფასებით, ხელისუფლების დამოკიდებულება ძალადობრივი პრორუსული დაჯგუფების მიმართ ხაზგასმით  არის ლოიალური. „ერთი მხრივ, შსს „ანტიმაიდანთან“ დაკავშირებული ძალადობრივი განცხადებების გამო გამოკითხვაზე იბარებს ზურაბ მახარაძეს, მეორე მხრივ კი, ძალადობრივ ორგანიზაციას შეხვედრებისთვის ფართს უთმობს თელავის სახელმწიფო თეატრი”, – წერია განცხადებაში.

DRI მოუწოდებს ხელისუფლებას: შეწყვიტოს ძალადობრივი ჯგუფების წახალისება, თქვას უარი ძალადობრივი ჯგუფებისთვის შეხვედრების და სამუშაო სივრცის დათმობაზე, ადეკვატურად შეაფასოს პრორუსული ძალადობრივი ჯგუფების გამსხვილებისგან და გაზრდილი ლეგიტიმაციიდან მომდინარე საფრთხეები, სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობაში მისცეს 2021 წლის 5 ივლისის და 2023 წლის 8 ივლისის ორგანიზატორები.

რეგიონული ვიზიტები „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფოს“ ლიდერებმა 2023 წლის პირველ ოქტომბერს დაიწტეს. დაჯგუფებამ შეხვედრები ოთხ ქალაქში – თელავში, გორში, რუსთავსა და მცხეთაში გამართა.