დროა და გირჩი: Mona.ge რუსული IP-ების კიბერშეტევის სამიზნეა

პუბლიკა

„დროასა“ და „გირჩი- მეტი თავისუფლების“ ერთობლივი პლატფორმა, საიტი Mona.ge რუსული IP მისამართებიდან კიბერშეტევების სამიზნეა.

პარტიების წარმომადგენლები „ტვ პირველთან” ამბობენ, რომ კიბერშეტევა საიტის ჩაშვების დღიდან დაიწყო, რის გამოც პლატფორმა შენელებულად მუშაობდა.

„საიტი  ორი დღის წინ გაეშვა, მაშინვე დაიწყო შენელებულად მუშაობა, მაშინ ჩავთვალეთ, რომ უბრალოდ ინტერესია და ბევრი ხალხი შემოდის და ამის გამო პრობლემები აქვს, თუმცა, რაც უფრო დრო გადიოდა, ვხვდებოდით, რომ ხელოვნური ჩარევა ხდებოდა.

მეორე დღეს, დილით უკვე მივხვდით, რომ რაღაც თავდასხმა იყო განხორციელებული, ჰაკერული თავდასხმა, სპეციალური ტექნოლოგიაა ამისათვის, ხდება საიტზე ძალიან დიდი რაოდენობით მოთხოვნების შემოსვლა, ვერ უძლებს ამას საიტი, იტვირთება და ითიშება”, – განაცხადეს პარტიების წარმომადგენლებმა.

საიტზე პასუხისმგებელი პირების თქმით, შემოწმების შემდეგ აღმოჩნდა, რომ დაფიქსირებული მოთხოვნების უმრავლესობა რუსული IP-ებიდან შემოდიოდა.

„პირველი რაც გავაკეთეთ, იყო რომ დავბლოკეთ რუსული IP-ები. დღეს დილით პირველ ადგილზე ინდონეზია იყო, ფილიპინები, სინგაპური და ასეთი ქვეყნები, რაც იმას ნიშნავს, რომ სპეციალურ პროგრამებს იყენებენ, საიდანაც IP-ს ცვლიან უბრალოდ და სხვა ქვეყნის IP-ით შემოდიან”, – უთხრეს პარტიების წარმომადგენლებმა ტვ პირველს.

დეველოპერების თქმით, შეტევების მთავარი მიზანი სერვერის დაზიანებაა, რის შედეგადაც დაინტერესებული პირები საიტზე შესვლას და ინფორმაციის ნახვას ვეღარ მოახერხებენ. მათი თქმით, ამ ეტაპისთვის საიტი შინაარსობრივად ცარიელია.


“გირჩი – მეტი თავისუფლებისა” და “დროას” ლიდერებმა, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ და ელენე ხოშტარიამ საზოგადოებას პლატფორმა 12 ოქტომბერს წარუდგინეს.

პარტიების თქმით, ინიციატივის მიზანი საჯარო მოხელეების მხილებაა.

პარტიების ლიდერების თქმით, იმას, თუ ვინ მოხვდება საიტზე, გადაწყვეტს საბჭო, რომელიც სამოქალაქო სექტორის და მედიის წარმომადგენლებისგან იქნება დაკომპლექტებული.