„დროა“: პოლიციამ, ამწე მანქანის დახმარებით, ჩვენი ოფისიდან გადმოკიდებული ბანერი ჩამოხსნა

პუბლიკა

პარტია „დროას“ ინფორმაციით, პოლიციამ მათი ზუგდიდის ოფისიდან გადმოკიდებული ბანერი ამწე მანქანის დახმარებით ჩამოხსნა.

ბანერი წარწერით „ირაყლი“ პარტიის რეგიონული ოფისის აივანზე დღეს გადმოკიდეს. პარტია ასე გამოეხმაურა გუშინ, 2 ივნისს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სამოქალაქო აქტივისტებისა და უფლებადამცველების დაკავებას. პარტიამ გაავრცელა ასევე ინფორმაცია, რომ უერთდება დღეს, პარლამენთან დაგეგმილ საპროტესტო აქციას.

„პუბლიკა“ ცდილობს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მიიღოს პასუხი რატომ ჩამოხსნეს ბანერი, რომელიც „დროას“ ოფისიდან იყო გადმოფენილი.


გუშინ, საღამოს პარლამენტის შენობის წინ მშვიდობიან აქციაზე ბანერის გაშლის გამო ადვოკატი შოთა თუთბერიძე (მოგვიანებით ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს), ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები – ედუარდ მარიკაშვილი, საბა ბრაჭველი და ნიკა რომანაძე დააკავეს. შსს-ზე დაყრდნობით სულ აქციაზე 7 ადამიანი დააკავეს.  აქციის მონაწილეთა დაკავების გასაპროტესტებლად პარლამენტის წინ მოქალაქეები, უფლებადამცველები და მედიის წარმომადგენლები შეიკრიბნენ.