თბილისში, იუსტიციის სამინისტროსთან პარტია „დროას“ წევრებმა აქცია-პერფორმანსი მოაწყვეს.
შენობასთან მათ მიიტანეს მაგიდა, წარწერით „რევოლუცია“ და ასევე საკვები დანამატები.
იუსტიციის შენობის შესასვლელთან პოლიცია იყო მობილიზებული.
„პერფორმანსი მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენი მთავარი მამოძრავებელი ძალა, რამაც აქ მოგვიყვანა, არის ის კადრები, რომლებიც გაუვრცელეს მიხეილ სააკაშვილს, რომ ეს ადამიანი იღებდა საკვებ დანამატს. ეს არ არის საჭმელი.
მივმართავთ იუსტიციის მინისტრს, პენიტენციურ სამსახურს, რომლებიც სხედან ამ შენობაში, გამობრძანდნენ და ეს რაღაცა, რომელიც არც საჭმელია და არაფერი, უბრალოდ მინერალური რაღაცებით შედგენილი პიურეს სახე აქვს, ამისთვის ადამიანს ეუბნებიან, რომ თითქოს არღვევდა შიმშილობას და ჭამდა.
მიხეილ სააკაშვილი რეალურად საჭმელს არ ჭამდა. გამობრძანდნენ ეს ადამიანები, მომზადებული გვაქვს ყველაფერი, კოვზებიც აქ არის და მიირთვან. უბრალოდ, 1 კვირა მიირთვან და ვნახოთ, რა იქნება“, – განაცხადა „ფორმულასთან“ პარტიის წარმომადგენელმა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 39-ე დღეა, შიმშილობს.
6 ნოემბერს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გასაჯაროვდა ფოტო და ვიდეომასალა, სადაც სამსახურის ცნობით, სამედიცინო პერსონალის გარემოცვაში სააკაშვილის მიერ სხვადასხვა დროს, საკვებისა და ნატურალური წვენების მიღების ფაქტია ასახული.
ამ კადრების მოპოვებისა და გასაჯაროების კანონიერების შესწავლა მოგვიანებით სახელმწიფო ინსპექტორმა დაიწყო.
მიხეილ სააკაშვილის კვების შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ სააკაშვილი, ციხიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, 1 ოქტომბრიდან უწყვეტად შიმშილობს და არ იღებს არანაირ საკვებს.
„2021 წლის 30 ოქტომბრიდან სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსისა და დაწესებულების სამედიცინო პერსონალის თხოვნით, სამედიცინო დანიშნულებით, მცირე ოდენობით, იღებდა წვენებსა და მინერალური შემცველობის პიურეებს.
ამ პროდუქტს მას თავად სამედიცინო პერსონალი აწვდიდა, რომელთა განმარტებით, აღნიშნული ვერ შეფასდება, როგორც საკვები და მცირე დოზით, თხევადი სახით მათი მიღება განპირობებულია პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობით.
ამასვე ადასტურებს პაციენტის შიმშილობის შესახებ შედგენილი სამედიცინო ფორმები, სადაც არ არის მითითება პაციენტის მიერ საკვების მიღებაზე, აგრეთვე არ არის დაფიქსირებული პაციენტის შიმშილობის ფორმის ცვლილება, რაც აუცილებელია პატიმრის მიერ საკვების მიღების შემთხვევაში. მიღებული ინფორმაციის თანახმად, მიხეილ სააკაშვილი 2021 წლის 1 ოქტომბრიდან უწყვეტად შიმშილობს და არ იღებს არანაირ საკვებს“, – წერია ომბუდსმენის გავრცელებულ განცხადებაში.