„დროამ“ რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოდინებაზე ხედვა წარმოადგინა

პუბლიკა

დღეს, პარტია „დროას” აღმასრულებელმა მდივანმა, გიგა ლემონჯავამ რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოდინების შესახებ ბრიფინგი გამართა.

მისი თქმით, პუტინის მიერ გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაცია რუსეთის ტერიტორიაზე, წარმოშობს დამატებით საფრთხეს და  რისკს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვისა და სტაბილურობისთვის.

„მაშინ, როდესაც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დაკავებულია თითოეული ჩვენგანის, პოლიტიკური პარტიების, ჟურნალისტების, დიპლომატების, არასამთავრობო ორგანიზაციების, სასულიერო პირების უკანონო მოსმენითა და თვალთვალით. საქართველოს საზღვრებთან მომდგარია რუსეთის ფედერაციის 1000-ობით მოქალაქე, რომელთა შესახებაც ჩვენ არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს“, – ამბობს ის.

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ლიტვამ, ლატვიამ ესტონეთმა და პოლონეთმა უკვე დაკეტეს სახმელეთო საზღვრები რუსეთთან. ფინეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ფინეთიც კეტავს სახმელეთო საზღვარს რუსეთთან და გადიან საკანონმდებლო პროცედურებს საამისოდ.

ამ ფონზე კი, როგორც „დროაში“ ამბობენ,  საქართველოს ხელისუფლება არაფერს აკეთებს ქვეყანაში სტაბილურობის შესანარჩუნებლად.

„საქართველოს ღიად პრორუსული ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ის რისკები, რომლებიც რუსეთიდან მომდინარეობს, რაც შეიძლება გაიზარდოს“, – თქვა გიგი ლემონჯავამ.

პარტია „დროამ” 24 თებერვლის შემდეგ რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოდინებაზე გამოაქვეყნა თვალთახედვა, რომლის შესრულებაც აუცილებელია საქართველოს სახელმწიფოებრივი უსაფრთხოებისა  და კონსტიტუციური წესრიგისათვის. კერძოდ:

  1. აუცილებელია სავიზო რეჟიმის დაწესება რუსეთის მოქალაქეებისთვის, რათა საზრვრის გადმოკვეთამდე გვქონდეს ინფორმაცია რუსეთის მოქალაქეების შესახებ.

  2. რუსეთის მოქალაქეებისთვის უნდა აიკრძალოს საბანკო ანგარიშების გახსნა

  3. აუცილებელია შეეზღუდოთ ბიზნესის დარეგისტრირების შესაძლებლობა

  4. ასევე უძრავი ქონების  რეგისტრაციის შესაძლებლობა.