დღეს, 28 სექტემბერს პარტია „დროას“ ორგანიზებით ყაზბეგის საბაჟო გამშვებ პუნქტთან აქცია იყო დაგეგმილი, თუმცა აქციის მონაწილეებმა პუნქტამდე მისვლა ვერ შეძლეს.
სამართალდამცველებმა მოქალაქეები სოფელ გველეთთან შეაყოვნეს და განუმარტეს, რომ გზის გაგრძელების შემთხვევაში სატრანსპორტო კოლაფსი შეიქმნებოდა.
„აქციის მონაწილეებს ავუხსენით, რომ ზოგადად ცნობილია, რომ ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტზე არის გადატვირთული მოძრაობა როგორც თბილისის, ასევე რუსეთის მიმართულებით. პუნქტი გადასულია მუშაობის 24-საათიან რეჟიმზე. ავუხსენით, საგზაო მოძრაობის კოლაფსი რომ არ მოხდეს, აქციის მონაწილეების ავტომანქანები ფიზიკურად ვერ ჩავუშვით ლარსის პუნქტთან და მოვუწოდეთ, რომ გზის გვერდულზე გაჩერებულიყვნენ და გამოეხატათ თავიანთი აზრი. ერთადერთი მოვთხოვეთ, გზის სავალ ნაწილზე ნუ გადმოვლენ და შეუძლიათ, გაშალონ ბანერები“, – განაცხადა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, კახა ბუხრაძემ.
ამის შემდეგ აქციის მონაწილეებმა საპროტესტო ბანერები, ფოტოები და დროშები გზაზე გამოფინეს, ჩართეს მუსიკა და ამ ფორმით გააპროტესტეს რუსეთის მოქალაქეების შემოსვლა საქართველოში.
„ეს პოლიციელები ემსახურებიან ვახტანგ გომელაურს, რომელმაც დაადასტურა, რომ შეხვდა ბორტნიკოვს, „ეფესბეს“ დირექტორს. ახლა ჩვენი ამოცანაა, პოლიცია მოშორდეს გზის სავალ ნაწილს. შევუთანხმდით ხელმძღვანელს და მოგვეცემა საშუალება, რომ ჩავატაროთ აქცია.
რუსეთის მოქალაქეებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ, რა ქვეყანაში შემოდიან, რა არის რუსეთის ბრალეულობა ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით და რა არის მათი პირადი პასუხისმგებლობა.
ეს გვზანილიცაა ხელისუფლებისთვის, რომ არ ვაპირებთ, მშვიდად ვუყუროთ რუსეთის მოქალაქეების უკონტროლო შემოსვლას. ეს არის ერთი მხრივ საინფორმაციო, მეორე მხრივ, გამაფრთხილებელი აქცია“, – განაცხადა „დროას“ წევრმა გიგა ლემონჯავამ.