დროებით უარის თქმა არ ნიშნავს გაუქმებას, თბილისი „პრაიდი“ იქნება ყოველ წელს - თაბაგარი

პუბლიკა

ორგანიზაცია Tbilisi Pride-ის ხელმძღვანელი და პრაიდის კვირეულის ერთ-ერთი ორგანიზატორი, გიორგი თაბაგარი ამბობს, რომ ღირსების მარშის გადადება არ ნიშნავს, რომ ის გაუქმდა და აღარ ჩატარდება.

„დროებით უარის თქმა ქუჩაში გუშინ გასვლაზე, ეს არ ნიშნავს საბოლოო უარს იმაზე, რომ ჩვენ შევწყვეტთ ქუჩაში გასვლას. „თბილისი პრაიდი“ იქნება ყოველ წელს, ეს ერთჯერადი ღონისძიება არ იყო, ყოველწლიურად ვიდგებით იმავე გამოწვევების წინაშე, თუ ერთხელ და სამუდამოდ სახელმწიფომ არ იზრუნა იმაზე, რომ ეს ძალადობა არ იქნება წახალისებული და მათ მიერ ორკესტრირებული.

ამიტომ ჩვენ არ გვჭირდება მალულად სადმე გასვლა. ჩვენ უნდა შეგვეძლოს და გვაქვს ამის უფლება მშვიდად, არაძალადობრივად გავიდეთ ქუჩაში, სადაც გვინდა იქ,”- ამბობს გიორგი თაბაგარი  „TV პირველთან“.


გუშინ ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფები 55 პირს გაუსწორდნენ, მათგან 53 მედიის წარმომადგენელია. დარბეულია მოძრაობა „სირცხვლიას“ და „პრაიდის“ ოფისები. ძალადობის წამახალისებელ განცხადებებს აკეთებდნენ ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის სასულიერო პირებიც.

5 ივლისს თბილისში ღირსების მარში უნდა გამართულიყო, თუმცა ჰომოფობიურმა ჯგუფებმა ძალადობრივი მეთოდებით მოახერხეს ისე, რომ „პრაიდის“ ორგანიზატორებმა მარშის გამართვაზე უარი განაცხადეს.