ისრაელსა და ჰამასს შორის დროებითი, 4-დღიანი ზავი დაიდო, ცეცხლი შეწყვეტილია – დღეს, 24 ნოემბერს, ჰამასმა 13 ისრაელელი მძევალი უნდა გაათავისუფლოს. ზავი ადგილობრივი დროით 07:00 საათზე დაიდო.
ისრაელის მხარემ CNN-ს უთხრა, რომ თავის მხრივ, ისინი, შეთანხმების ფარგლებში, 39 პალესტინელ პატიმარს გამოუშვებენ.
მომდევნო 4 დღეში ჰამასი 50-მდე მძევალს გაათავისუფლებს.
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა პირობა დადო, რომ ხანმოკლე ზავის შემდეგ ბრძოლას გააგრძელებს. ის მინიმუმ 2-თვიან ომს პროგნოზირებს.
23 ნოემბერს ისრაელმა ღაზის სექტორი კვლავ დაბომბა.
CNN იტყობინება, რომ ზავი ძალაში შედის, მიუხედავად იმისა, რომ ისმის საარტილერიო ცეცხლის ხმა როგორც ისრაელის მხრიდან, ისე – სირენების ხმა, რომელიც ღაზის მხრიდან რაკეტების სროლის შესახებ აფრთხილებს.
პარალელურად, ეგვიპტემ განაცხადა, რომ ღაზის სექტორში ყოველდღიურად 130 000 ლიტრი საწვავის შეტანის ნებას დართავს.
7 ოქტომბრის დილას ტერორისტულმა დაჯგუფება „ჰამასმა“ ღაზის სექტორიდან ისრაელზე ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყო – ისროლა რამდენიმე ათასი რაკეტა და რამდენიმე ადგილას სახმელეთო საზღვარი გაარღვია, მოკლა და/ან გაიტაცა ასობით ადამიანი. თავდასხმა ერთდროულად დაიწყო ხმელეთიდან, ზღვიდან და ჰაერიდან.
„ჰამასის“ პასუხად ისრაელმა ანტიტერორისტული ოპერაცია დაიწყო და ტერიტორიების გათავისუფლებასთან ერთად ღაზის სექტორზე სარაკეტო იერიშები მიიტანა. ასევე, გამოაცხადა ღაზის სექტორის ბლოკადა. 2 მილიონ ადამიანს არ მიეწოდება წყალი და საწვავი. ყოველ ღამე იბომბება ასობით ადგილი ღაზის სექტორში.
7 ოქტომბრიდან დღემდე ისრაელის ოპერაციას ღაზაში 14 800 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათგან 5000-ზე მეტი – ბავშვია.