„მაგ დროისთვის იყოს სადმე გასაწევრებელი” — ზახაროვა 2030-ში საქართველოს EU-ში გაწევრებზე
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, მარია ზახაროვა ეხმაურება საქართველოს მზაობას, გახდეს ევროკავშირის წევრი 2030 წელს.
მისი თქმით, მთავარია, ამ დროისთვის „შეიძლება არც არაფერი იყოს გასაწევრებელი“.
ზახაროვამ ასევე აღნიშნა ბრიტანეთი, რომელმაც ევროკავშირი დატოვა და თქვა, რომ ეს ქვეყანა „რამე კარგიდან არ გავიდოდა”.
„ქართული ოცნება” ამტკიცებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებები შეაჩერა, 2030 წელს საქართველო ევროკავშირში გაწევრებას შეძლებს.
რუსული სამთავრობო მედია TASS-ის თანახმად, ერთ-ერთი ქართველი პოლიტიკოსის განცხადებაზე ბრიფინგზე კომენტირებისას, რომ საქართველო მზად არის ევროკავშირში 2030 წლისთვის გაწევრიანდეს, ზახაროვამ ყურადღება გაამახვილა შემდეგზე:
„მოგეხსენებათ, მთავარია, რომ მათთვის, ვინც ევროკავშირში გაწევრიანებას 2030 ან სხვა წლებში ისწრაფვის, იყოს სადმე გასაწევრებელი”.
მან ასევე თქვა, რომ ბრიტანეთი არასდროს „გავიდოდა რამე კარგისგან, სადაც სარგებლის მიღებაა შესაძლებელი”.
„ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია ამის შესახებ საქართველოსთან. მიუხედავად არსებული პოლიტიკური უთანხმოებებისა და დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობისა, ჩვენ ვაშენებთ ორმხრივ ურთიერთობებს ურთიერთპატივისცემისა და ორმხრივი სარგებლის პრინციპებზე დაფუძნებით. ამ მიმართულებით მიმდინარეობს დიალოგი”. – თქვა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა.