დრონებით გადავატარებთ თბილისს „გეორგიევსკის“ დროშას – „უკვდავი პოლკის“ გეგმები 9 მაისისთვის

პუბლიკა

საქართველოში მოძრაობა „უკვდავი პოლკის“ წარმომადგენელი ირაკლი ყიფიანი აცხადებს, რომ საგანგებო მდგომარეობის პირობებში დაწესებული შეზღუდვების მიუხედავად, 9 მაისს „ვაკის პარკში“ უცნობი ჯარისკაცის საფლავთან შეკრებას მაინც გეგმავენ.  ამის შესახებ ყიფიანმა „რუსთავი 2-ის“ ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, აპირებს, რომ თბილისის თავზე დრონების საშუალებით „გეორგიევსკის დროშა“ გადაატაროს. 

„თბილისის თავზე გადაიფრენს რამდენიმე დრონი, რომელიც „გეორგიევსკის“ დიდ დროშას გადაატარებს. .. ყველანი მოიქეცით ძალიან ჭკვიანად. წინააღმდეგ შემთხვევაში, მივიღებთ ისეთ ზომებს, როგორიც მიგვიღია. სამართალდამცავმა უწყებებმა დაკავებით შეაშინონ ის, ვინც შეუშინებიათ. არავინ ჯარიმა არ დაწეროს, თორემ ის ჯარიმის ქვითრები სად ამოყოფს თავს, მაგას მე, ირაკლი ყიფიანი გპირდებით, რომ განახებთ. ტყუილად არავის ვემუქრები, თქვენ ეტყობა, აგერიეთ ვიღაც-ვიღაცებში და ყველაფერს დაგილაგებთ და განახებთ, ღმერთი არ გაგიწყრეთ, რამე არ შეგეშალოთ, მოგმართავთ უმაღლესი თანამდებობის პირებს. მე ვარ მართლმადიდებელი ქრისტიანი, თუ მე, მაგალითად, აღდგომის ლიტურგიაში მივიღე მონაწილეობა და ღამე გავათენე ტაძარში, რატომ არ შემიძლია 9 მაისს მოვიდე ვეტერანებთან ერთად?” – აცხადებს ირაკლი ყიფიანი.

ის არ უარყოფს, რომ რუსეთიდან იღებს დაფინანსებას და ამაში პრობლემას ვერ ხედავს:

„ჩვენ გვაფინანსებს ფონდი „რუსკი მირ“. ჩვენ ამას არ ვმალავთ. ასევე, ქართველი ბიზნესმენები, რომლებიც მოღვაწეობენ რუსეთში. ფულს სუნი არ აქვს, ასეთი იდეოლოგია მაქვს. მთავარია, რომ საქმე გაკეთდეს““, – აღნიშნა ირაკლი ყიფიანმა „კურიერთან“ საუბრისას.