დროსა და სივრცეში არიან ძალიან არეულები - ბესელია „ოცნების“ ინიციატივაზე

პუბლიკა

„მგონია, რომ „ქართული ოცნების” მხრიდან აცდენაა, დროსა და სივრცეში არიან ძალიან არეულები“,- ასე შეაფასა პარტია „სამართლიანობისთვის” ლიდერმა, ეკა ბესელიამ „ქართული ოცნების” ინიციატივა, რომლის თანახმადაც ამომრჩევლის დაშინება ან იძულება სისხლის სამართლის წესით უნდა დაისაჯოს.

„კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს იყო ოპოზიციის მოთხოვნა. თუ ამ ინიციატივას ახლა, სექტემბერში პარლამენტი კენჭს უყრის, მაშინ ჩემი შემხვედრი წინადადებაა და ძალიან პრინციპული მოთხოვნაა, ამას მხარს უჭეტს ყველა ოპოზიციური პარტია, რომ ის პროექტი, რომელიც წარვადგინე ხმების დაცვის მექანიზმი, რომ არ გაყალბდეს ამომრჩევლის ხმა, ეს ინიციატივა, განიხილონ ამ პაკეტთან ერთად”,-  განუცხადა „მთავარ არხს“ ეკა ბესელიამ.

„ქართული ოცნება“ გამოდის ინიციატივით, საარჩევნო კოდექსში შევიდეს ცვლილება, რომლის თანახმადაც, მკაცრი სანქციები განისაზღვრება ამომრჩევლის იძულების, დაშინებისა და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის შემთხვევებზე. ამის შესახებ  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ბრიფინგზე განაცხადა.